27 ივლისს, 15 საათზე, თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3X3-ზე კალათბურთში საქართველოს ტური იწყება, რომელიც 28 ივლისს დასრულდება.
აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით, 26 ივლისს, საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელსაც თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი კალათბურთელი ვახტანგ ნაცვლიშვილი უძღვებოდა. აღნიშნულ პრესკონფერენციას ფიბადან 3X3-ის სპორტული დირექტორი, ბულგარელი კოსტა ილიევი ესწრებოდა.
ილიევმა საპრესკონფერენციო დარბაზში მყოფ ტურნირის მონაწილე სპორტსმენებს და მასმედიის წარმომადგენლებს 3X3 თამაშის წესები გააცნო. ასპარეზობის მონაწილე თითოეულ გუნდს უფლება აქვს 4 მოთამაშე იყოლიოს. აქედან 3 მოედანზე, ხოლო ერთი სათადარიგო იქნება. 3X3 თამაშის წესების დაწვრილებით მსურველებს შეუძლიათ FIBA-ს საიტზე შევიდნენ და გაეცნონ.
3X3 კალათბურთში, თბილისის ტურში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის და პირველი ადგილისთვის ბრძოლას პლეი ოფის სისტემით აგრძელებს. ასპარეზობის პირველ დღეს ჯგუფური ტურნირი ჩატარდება, ხოლო გამარჯვებული მეორე დღეს გამოვლინდება.
ასპარეზობის გამარჯვებული ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად კიევის ტურში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4-5 აგვისტოს ჩატარდება. კიევის ტურში მოგებული კონტინენტის დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 24-25 აგვისტოს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. რაც შეეხება მსოფლიო ტურს, იგი სტამბულში 4-5 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნულ ტურში გამარჯვებული პლანეტის საუკეთესო გუნდად გამოცხადდება.
დავუბრუნდეთ თბილისის ტურს, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტურში მოასპარეზე გუნდების უმეტესობა პროფესიონალი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. არიან მოყვარულებიც. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “სოხუმია”, რომლის შემადგენლობაშიც ირიცხებიან სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” სამი წევრი (სერგო ათუაშვილი, ვახტანგ ქადარია, ირაკლი ჩლაიძე) და ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ფანჩულიძე, რომელმაც თამაშს თავი ორიოდე წლის წინათ დაანება.
ტურნირის მონაწილე გუნდები ჯგუფების მიხედვით
“ა”: “ცამეტი”, “ალბატროსი”, “ექვსი”, “იქსი”
“ბ”: “დინამო”, “თერნ აპ”, “მართვე”, “დოლიკა”
“გ”: “რუსთავი”, “თევზიკა”, “პანტერა”, “მიქსი”
“დ”: “სოხუმი”, “მოკლეები”, “ოლაჰომა”, “ბონდო”
ა1 – ბ2 გამარჯვებული
ბ1 – ა2 გამარჯვებული
გ1 – დ2 გამარჯვებული
დ1 – მ2 გამარჯვებული
ფინალი