ჭიდაობა

18:22 | 22.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

თბილისმა მსოფლიოს ჩემპიონატი გაინაღდა

7-11 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას 40-მდე ქვეყნის ნაკრები მიიღებს. საქართველოს სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ ამ სიახლის შესახებ საგანგებო პრეს-კონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართა. მასთან ერთად, ჟურნალისტებისთვის კომენტარი სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია გალდავამაც გააკეთა.
“ამ საკითხზე სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ჯერ კიდევ შარშან გვქონდა საუბარი. უარი არ უთქვამთ, მაგრამ ვერც დაგვპირდნენ, რომ ფინანსურად აუცილებლად დაგვეხმარებოდნენ. რახან მყარი გარანტია არ გვქონდა, პირადად ვთხოვე სამბოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს დახმარება და დამპირდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ გაზაფხულზე, ჩვენმა ნაკრებმა რუსეთისას წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში აჯობა, ვიგრძენით, მსოფლიო ფედერაციიდან ფინანსურად ხელის გამართვა საეჭვო გახდა. ბოლო დროს გამოჩნდა, რომ სულაც, ჩაშლა უნდოდათ, მაგრამ საბედნიეროდ მაინც ჩვენი გავიტანეთ. სპორტის სამინისტროს დამოუკიდებლად ჩამოყალიბებიდან რამდენიმე დღეში მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს შევხვდით და სამინისტროსგან 100 ათასი ლარის ფინანსური გარანტია მივიღეთ. მართალია, დიდი თანხა არაა და შეიძლება ორგანიზებისას ზოგიერთი დეტალისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ ჩემპიონატის ჩასატარებლად ამ თანხას მაინც ვიკმარებთ. სტუმრებს ყველა პირობას შევუქმნით, რომ თავი კარგად იგრძნონ. რუსების დამარცხებას ქართველი გულშემატკივრებისთვის სპორტის ნებისმიერ სახეობაში განსაკუთრებული ფასი აქვს. სამბოში მიღწეული წარმატება კი მართლა ყველასგან გამორჩეულია, რადგან იგი რუსების ეროვნული სახეობაა. ვეცდებით ქართველი ქომაგები ვასიამოვნოთ” – განაცხადა ოლეგ იაძემ.
გია გალდავამ სამბისტებს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა - საქართველოს სამბოს ფედერაციას საერთაშორისო დონეზე ასე რომ აფასებენ, პირველყოვლისა თქვენი შრომისა და შედეგიანობის დამსახურებააო და იქვე დასძინა, ასე ორგანიზებულად მუშაობას საქართველოში ბევრი ფედერაცია ვერ ახერხებსო.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება და  ამ პერიოდში ქართველი ახალგაზრდები და ჭაბუკები მწვანე კონცხზე და დუშეთში გაივლიან მოსამზადებელ შეკრებებს. გუნდებს ბადრი ჯანიაშვილი და ემილ რაში მოამზადებენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ძირითადად საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იქნება დაკავებული. წინასწარი ცნობით, თბილისურ მსოფლიოს ჩემპიონატში 40-მდე ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ოთარ მაღლაკელიძე



 

0.114403