ძიუდო

15:16 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან-პრი ოფიციალურად გაფორმდა

მომავალ წელს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - გრან-პრის უმასპინძლებს. ტრადიციული ყოველწლიური ქართული შეჯიბრებისთვის სტატუსის გაზრდის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპეციალური მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა მოაწერეს.

მხარეებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს. იგი საქართველოს სკოლებში ძიუდოს სწავლების პროექტის ხელშეწყობას ეხება. პროექტის მიხედვით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს რეგიონებს ძიუდოს ინვენტარით მოამარაგებს. რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებს კი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ხელფასი დაენიშნებათ.

მემორანდუმების გაფორმებას მოქმედი და ვეტერანი ტიტულოვანი სპორტსმენებიც დაესწრნენ. შემდეგ კი ოფიციალური კომენტარებიც გაკეთდა.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოს სკოლა გაქვთ და ამას ქართველი სპორტსმენების მიერ საერთაშორისო არენაზე ნაჩვენები მაღალი შედეგებიც ადასტურებს. კარგია, რომ ამ ქვეყანაში ძიუდო პროგრესირებას განაგრძობს. ახალი პროექტი პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის. ამ საქმეში სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია და დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ერთხელაც დავრწმუნდი, რომ საქართველოში ძიუდოს სრული მხარდაჭერა აქვს. ქართული გრან-პრი სავარაუდოდ მარტის პირველ ან მესამე კვირას გაიმართება. ზუსტი თარიღი მას შემდეგ გვეცოდინება, რაც საერთაშორისო ფედერაცია სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალებს შეათანხმებს. თბილისში მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტები მოიყრიან თავს და ძიუდოს ნამდვილი ზეიმი შედგება” – განაცხადა მარიუს ვიზერმა.

ლევან ყიფიანმა საპატიო სტუმარს ქართული ძიუდოსადმი ყურადღების გამოჩენისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორივე მემორანდუმი ქართული ძიუდოს განვითარებისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი გარანტია.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა. სპორტის სამინისტროში სტუმრობამდე იგი მინისტრთან და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ერთდღიანი პროგრამის დღის წესრიგში ერთი საქმიანი შეხვედრა კიდევ დარჩა - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ დირექტორთან ცოტნე ებრალიძესთან.

გრან-პრის სტატუსის ტურნირი სეზონის განმავლობაში 5-ჯერ იმართება. ჩემპიონობა 300 სარეიტინგო ქულად ფასობს, რაც სამჯერ აღემატება ბოლო წლებში ჩატარებული ქართული საერთაშორისო შეჯიბრებების საჩემპიონო მონაგარს. ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი 180 და 120 ქულას მიიღებენ. გრან-პრიზე პრესტიჟული მხოლოდ გრან-სლემი და მსოფლიოს მასტერსია.

0.166617