ძიუდო

20:20 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრი 2014

21-23 მარტს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - თბილისის გრან პრის უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია.

თბილისის გრან პრი საქართველოში 2014 წელს პირველად ტარდება. გრან პრის სტატუსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისს 2013 წლის მიწურულს მიანიჭა, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. 

თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 

ტურნირის ორგანიზატორების მიერ  შეიქმნა ტურნირის სპეციალური ლოგო, სარეკლამო კომპანია „ვინდ ფორსის" იდეის მიხედვით კი ტურნირის თილისმა - კავკასიური ჯიქი „ნოე" იქნება, რომელიც გამბედაობისა და სიმამაცის სიმბოლოა.

გრან პრიზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა ძიუდოს საერთშორისო ფედერაციის პრეზიდენტი - მარიუს ვიზერი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. თბილისის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები.

თბილისის გრან პრის ორგანიზატორები არიან - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, ტურნირის მხარდამჭერია თბილისის მერია.

გრან პრის სპონსორები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპონსორებთან ერთად არიან წყალი „სნო" და ლუდსახარში „ზედაზენი". თბილისის გრან პრის პირდაპირი ტრანსლაცია სამივე დღის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინტერნეტელევიზიით გადაიცემა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 8 მარტს 12:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ტურნირის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი ისაუბრებენ. 

მედიასთან შეხვედრას დაესწრებიან ტურნირის სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები - კომპანია "აქვა გეოს" კომერციული დირექტორი -ირაკლი უგლავა და სხვა პირები.

სამინისტროს პრესსამსახური

0.130277