თბილისის “დინამოში” რუმინელი ფეხბურთელი დორინ გოგა ვარჯიშობს. ამის შესახებ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
29 წლის გოგა ამპლუით ნახევარმცველია და ბოლოს ისრაელის ჩემპიონატში რამათ-განის “ჰაპოელის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
პროფესიულ კარიერას კლუჟის “უნივერსიტატიაში” იწყებდა, სადაც 2003-2008 წლებში 120 მატჩში ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. 2008-2012 წლებში “ტიმიშოარაში” (91 მატჩი, 29 გოლი) გამოდიოდა და “დინამოს” ამჟამინდელ თავკაც დუშან უჰრინთანაც უმუშავია. 2012 წელს, მან ბუქარესტის “რაპიდში” 12-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა. იმავე წელს, გოგამ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში ერთხელ ითამაშა.