თბილისში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, 18-22 თებერვალს გაიმართება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. სუპერტურნირში 12 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. აქედან ორი ქართველია - მაია ჩიბურდანიძე (მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი) და ნანა ძაგნიძე (ოლიმპიური ჩემპიონი). ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 3 და ევროპის 6 ჩემპიონი. ტურნირის 6 მონაწილე კი, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ატარებს. შეჯიბრების მთავარი მსაჯი საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ალექსანდრიაა. ტურნირის ყველა ნათამაშები პარტია ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
შეჯიბრება ოფიციალურად გაიხსნება 17 თებერვალს, 20:00 საათზე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში.
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლადო ვარძელაშვილსა და ქალთა ტურნირის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა შედგა.
ლადო ვარძელაშვილი: “თბილისი მორიგ სერიოზულ ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში 10 უძლიერესი მოჭადრაკე ქალბატონი იასპარეზებს. ჩვენი ქვეყნის სახელით მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე ითამაშებენ და იმედი მაქვს, რომ წარმატებასაც მიაღწევენ. საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი მოგვარებულია და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ უმაღლესი დონის ტურნირს”.
გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): “ მასპინძლის სტატუსი გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეჯიბრებაზე ორი მოჭადრაკით გამოვიდეთ, რაც ცხადია, ჩვენს შანსს ზრდის და წარმატების მოპოვების მეტი იმედი გვაქვს”.
ლაშა ქოიავა