სხვა

15:40 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისი 2015” და უსაფრთხოება

თბილისში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, ევროპის საბჭოს “სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით ფეხბურთის მატჩებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ ევროპის კონვენციის” (შემდგომში T-RV) მუდმივმოქმედი კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფი იმყოფება.

უახლოეს ხანებში, ჩვენს ქვეყანაში, არაერთი მაღალი რანგის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების ჩატარება იგეგმება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალია.

ბუნებრივია, დიდი პატივია და არანაკლები ყურადღების გამახვილება გვმართებს უეფას სუპერთასის ფინალის, ხელბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (2017), ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის (2015), მძლეოსნობაში კონტინენტის ახალგაზრდული ჩემპიონატის (2016) მსვლელობის პერიოდშიც.

აღნიშნული სპორტული შეჯიბრებების განმავლობაში, საქართველოში, მრავალი ქვეყნის ათასობით ათლეტი, ოფიციალური პირი, ჟურნალისტი თუ გულშემატკივარი ჩამოვა და წინა პლანზეც ლოგიკურად იწევს უსაფრთხოების საკითხი.

22 მაისს, T-RV-ის წარმომადგენლები, კომიტეტის თავმჯდომარის ჯო ვანეკენის, ვიცე-თავმჯდომარის ანა კრიადო კონტრერას, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის მარტინ გირვანის, უეფას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მარკ ტიმერის, სპორტული კონვენციების სამსახურის უფროსის სერგეი ხრუჩიკოვის, ევროპის საბჭოს პროგრამების მენეჯერის მარი-ფრანსუა გლატზის და საკონსულტაციო ჯგუფის რეპორტიორის დევიდ ბოჰანანის შემადგენლობით, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სტუმრობდნენ და სამუშაო შეხვედრა გამართეს სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილთან, ვიცე-პრეზიდენტ ნინო სალუქვაძესთან და “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან.

ცხადია, საუბარი ძირითადად უსაფრთხოების თემების ირგვლივ წარიმართა. სტუმრები დაინტერესდნენ თუ როგორ იქნება ეს საკითხი მოგვარებული ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში.

“თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტმა T-RV-ის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ოლიმპიურ სოფელსა თუ სპორტულ არენებზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული და ფესტივალიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

www.geonoc.org.ge

0.138389