ჭიდაობა

11:52 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტახტის თასის” მეორე დღეს სამეულები ქართველების გარეშე შეივსო

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თეირანში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის “ტახტის თასი” ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს კონსტანტინე ხაბალაშვილის (65 კგ) მიერ მოპოვებული ვერცხლისა და დავით ქერაშვილის (97 კგ) ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა.

ტურნირის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 61, 70, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ), დიმიტრი ბასილაშვილი (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და დავით მოძმანაშვილი (125 კგ) გავიდნენ, მაგრამ ოთხივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა და მალე დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შანსიც დაკარგეს, რადგან ფინალამდე ვერც მათმა მძლეველებმა გააღწიეს.

ხინჩეგაშვილმა პირველსავე წრეში დაძაბულ ბრძოლაში წააგო ირანელ ჰასან მორადგალიეისთან, ბასილაშვილიც ერთადერთი შეხვედრით გამოეთიშა ტურნირს, ყაზახ ასლან აზიზოვთან წაგების შემდეგ. ამინაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ რიჩარდ ლიგსტის ძლევით მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი ირანელ ჯალალ ზამანთან დამარცხდა. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ნახევარფინალიც დაძლია, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ყაზახ იერალი აბარაშევთან ვერას გახდა.

დავით მოძმანაშვილი “ტახტის თასს” პირველივე წრიდან გამოეთიშა, ირანელ სეიედაჰმედ რასულისთან მარცხით.

0.131173