ჭიდაობა

11:09 | 11.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმაც ბერძნულ-რომაულად დაიწყეს

10 სექტემბერს, მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და მედლების პირველი კომპლექტი გაათამაშეს. ხალიჩაზე 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავიდნენ, მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრი ბესიკ გუჩაშვილიც.
ქართველი მსუბუქწონოსანი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მეორეში ჩინელ მუდე ქის დაეჭიდა და 2 სეტში ჩამოიცილა. მერვედფინალში კი, ირანელ ჰასან ფერმან რაჰიმთან ვეღარას გახდა და ჯერ ოქრო-ვერცხლის, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს შანსიც დაკარგა, რადგან ირანელმა ფინალამდე წაიფორხილა.
55 კილოგრამის ფინალში, ერთმანეთს რუსი ვიქტორ ლებედევი და აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგაროვი დაუპირისპირდნენ და დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში მასპინძელმა იმარჯვა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ასგაროვი, თვენახევრის წინ ახალგაზრდებს შორის ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს ნაკრების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაჩაგრა.  
11 სექტემბერს, ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ხალიჩაზე მალხაზ ქურდიანი (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) გავლენ. კენჭისყრამ სამივე პირდაპირ მეორე წრეში მოახვედრა.
ქურდიანი შეჯიბრში პუერტორიკოელ ფრანკლინ გომეს მატოსთან შეხვედრით ჩაერთვება. გამარჯვების შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ფავორიტს, უკრაინელ ვასილ ფედორიშინს დაეჭიდება. მარსაგიშვილის მეტოქე უნგრელი იშტვან ვერები იქნება. გოგშელიძეს კი წილისყრამ ბერძენი იოანის პაპადოპულოსი არგუნა. ამ და მეორე ბრძოლის წარმატების დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ლიდერი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს და ამ ეტაპზე, მისი და მსოფლიო პირველობის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული რუსის, ჰაჯიმურატ გაცალოვის გზები კვეთენ ერთმანეთს.

თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 10 სექტემბერი


55 კგ
1 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)
2 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
3 იასუჰირო ინაბა (იაპონია)
3 ფრენკ ჩამიზო მარკეზი (კუბა)
 

ოთარ მაღლაკელიძე

0.135971