ჭიდაობა

20:56 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არენაში” თავისუფლების დღეები დასრულდა

სპორტკომპლექს “არენაში” მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უკვე მედლების შვიდივე კომპლექტი გათამაშდა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდნენ. მოლოდინისამებრ, შიდა კონკურენციაში ნაკრების ყველა გამოცდილი წევრი და უმთავრესი კანდიდატი ჩაერთო, ერთადერთი გამონაკლისის – დავით ხუციშვილის (74 კგ) გარდა. წონის ექსლიდერმა ახლახან ახალმორჩენილი მხრის ტრავმა გაიმიზეზა და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ხალიჩაზე დაბრუნებას.

ხუციშვილის არყოფნაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უმთავრესი ფავორიტი იაკობ მაქარაშვილი ავიდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჭიდავები სპორტსმენი პირველ ნომრად იყო განთესილი და გაამართლა კიდეც სტატუსი - ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სავარაუდოდ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრაც აქედანვე გაინაღდა.

ოქროს გზას მაქარაშვილი დიმიტრი მუმლაძის იოლად ძლევით (7:0) შეუყვა. ზურაბ ერბოწონაშვილს ორ პერიოდში 5 ქულა აკმარა – 3:0 2:0. პირველი ქულები მეოთხედფინალში დაკარგა, დიმიტრი ბასილაშვილთან დაჭიდებისას. მართალია საბოლოოდ სუფთად იმარჯვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტამდე მეტოქისგან უდიდეს წინააღმდეგობას შეხვდა და კარგახანს ორი ქულითაც აგებდა. ნახევარფინალში ალექსანდრე ჯაჭვაძეს საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში 5:2 სძლია. ფინალში კი გიორგი მარსაგიშვილს 0:3-ზე წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ, გადამწყვეტ სამ წუთში აჯობა - 10:2.

60 და 96 კილოგრამებშიც მსოფლიოს ხალიჩაგამოვლილმა და საქართველოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს ოქროს მედლები.

60-ში ევროპის და ოლიმპიურმა პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხუთი გამარჯვებით მიაღწია საწადელს. შეჯიბრება ლაშა ლომთაძის ძლევით (5:2) გახსნა, აკაკი მოწონელიძეს კიდევ უფრო თანაბარ ბრძოლაში, ერთი ქულით მოუგო – 3:2. კოტე ხუციშვილი და თორნიკე ბურჯალიანი ერთნაირი ანგარიშით – 5:0 ჩამოიცილა. ფინალში კი ბექა ლომთაძეს დაუპირისპირდა და მეორე პერიოდის შუაწელს, ერთი ამოსუნთქვით შესრულებული სამი 2-ქულიანი ტრიალის წყალობით 10:3 დაამარცხა.

ლომთაძე გადამწყვეტ შეხვედრამდე გაცილებით ადვილად და ამასთან, ეფექტური ჭიდაობით მივიდა. გიორგი რევაზიშვილს (8:0), მურთაზ კვესაძესა (8:0) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ შოთა ფარტენაძეს (10:2) საერთო ჯამში 5 წუთი აკმარა.

96 კილოგრამში წინასწარ შეხვედრებში ყველაზე დასამახსოვრებელი ბექა ჭელიძის უნაკლო ჭიდაობა იყო. მან ოქრო-ვერცხლზე ფიქრი ორ გამოცდილ მოწინააღმდეგეს: ელიზბარ ოდიკაძეს და ომარ გუსოშვილს დაასრულებინა. თან ორივეს უშანსოდ მოუგო – 8:0.

ჭელიძის ეფექტური ჭიდაობა სწორედ გუსოშვილთან ჩატარებული ნახევარფინალით დასრულდა. ფინალში კი დავით ქერაშვილთან ქულაც ვერ აიღო. ამ უკანასკნელმა კი 5 ქულა მოინაგრა.

ფინალამდე ქერაშვილმა ბექა გოგიჩაშვილი, ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი კაკაურიძე და ზვიად მეტრეველი ჩამოიშორა.

ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, ხალიჩას დაუბრუნდა ნაკრების ყოფილი წევრი ბელდუხ გავაშელიშვილი, მაგრამ ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, გუსოშვილთან 2:5 წაგებით.

ხვალ და ზეგ “არენას” ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. პირველ დღეს მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

 

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

8 დეკემბერი

 

60 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

2 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

3 აკაკი მოწონელიძე (ხაშური)

3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)

 

74 კგ

1 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

2 გიორგი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

3 ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)

3 ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი)

 

96 კგ

1 დავით ქერაშვილი (თბილისი)

2 ბექა ჭელიძე (აჭარა)

3 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

3 ზვიად მეტრეველი (ონი)

0.562337