ჭიდაობა

18:23 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ევროშვიდეული გამოაცხადეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შვიდეული დაასახელა. შემადგენლობა სამი თვის წინ ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნებით დაკომპლექტდა. მართალია, საქართველოს ჩემპიონატი შარშან, ნოემბრის ბოლოს გაიმართა, მაშინ, როდესაც ნაკრებს ჯერ კიდევ ზაზა თურმანიძე წვრთნიდა, მაგრამ შიდა კონკურენციის შედეგები ახალმა მწვრთნელმაც გაითვალისწინა. მინდორაშვილმა ორი თვის წინაც განაცხადა, რომ ევროგანაცხადის შევსებისას საქართველოს პირველობის შედეგებს აუცილებლად გაითვალისწინებდა, თუმც იქვე დასძინა – ჩემპიონებს ნაკრებში მოხვედრა ჯერ გარანტირებული არ აქვთ და საბოლოო არჩევანს წინასატურნირო დასკვნით შეკრებაზე გავაკეთებო.
მას შემდეგ ქართველმა მოჭიდავეებმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი და მოსამზადებელი შეკრება გამოიარეს. ამჯერად ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ბორჯომში ვარჯიშობს და სწორედ ამ შეკრებაზე გამოაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ევროშემადგენლობა.
“რამდენიმე წონით კატეგორიაში ლიდერები აშკარად გამოკვეთილები არიან და თავიდანვე ცხადი იყო, რომ არჩევანს მათზე გავაკეთებდით, მაგრამ მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებამდე არ ვუთხარით, კონცენტრაცია რომ არ დაეკარგათ. ზოგიერთ წონაში კი გაცილებით დაძაბული შიდა კონკურენციაა და ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრეთ. შეიძლება გარკვეულწილად ვრისკავთ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტზე შევჯერდით. ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: გიორგი ედიშერაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი, დავით ხუციშვილი, დავით მარსაგიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე და გენო პეტრიაშვილი”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” მინდორაშვილმა.
ნაკრების თავკაცისვე სიტყვებით, მოსამზადებელი ციკლი გუნდმა გეგმაზომიერად გაიარა და ბიჭები უმნიშვნელოვანეს ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან. ერთადერთი სანერვიულო დავით ხუციშვილის მხრის ტრავმაა, რომელიც ბოლომდე მოშუშებული ჯერაც არაა და სავარაუდოდ, ხუციშვილს გამაყუჩებლების დახმარებით მოუწევს ჭიდაობა.
საქართველოს ნაკრები ბორჯომიდან თბილისში 17 მარტს დაბრუნდება და სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდება. 18-ში ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, 19-22 მარტს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 19 მარტს მედლები 66 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, 20 მარტს – 55 და 60 კილოგრამებში, 21-ში – 74 და 120, ხოლო 22-ში – 84 კილოგრამში.

საქართველოს ნაკრები

55 კგ – გიორგი ედიშერაშვილი
60 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
66 კგ – კონსტანტინე ხაბალაშვილი
74 კგ – დავით ხუციშვილი
84 კგ – დავით მარსაგიშვილი
96 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
120 კგ – გენო პეტრიაშვილი

 

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

0.123982