საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბი მუშაობას შეუდგა. რევაზ მინდორაშვილმა, დავით პოღოსიანმა და ალექსანდრე კახნიაშვილმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრების გასავლელად ბორჯომში ჩაიყვანეს. გუნდი სპორტკომპლექს “ოლიმპში” დაბანაკდა. სამუშაო პროცესის მიმდინარეობისა და ევროსამზადისის გეგმის შესახებ “მსოფლიო სპორტი”რევაზ მინდორაშვილს შეეხმიანა.
“ბორჯომში 15 თებერვალს 35-კაციანი შემადგენლობით ჩამოვედით. აქედან 30 სპორტსმენია. სწორედ ამ კანდიდატთაგან შეირჩევა ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შვიდეული, ოღონდ იქამდე საერთაშორისო ტურნირები და კიდევ ორი შეკრება გველის. ბორჯომიდან თბილისში იანვრის ბოლოს დავბრუნდებით. 9-10 და 16-17 თებერვალს კი ნაკრები თურქულ და უკრაინულ ტურნირებზე იჭიდავებს. გადავწყვიტეთ, ძირითადი შემადგენლობის უმთავრესი კანდიდატები სწორედ ამ ორი შეჯიბრის განაცხადებში გადავანაწილოთ და შეჯიბრებებს უმალ კიდევ ერთი ორკვირიანი მოსამზადებელი შეკრება მოვაყოლოთ. 21-22 თებერვალს ირანში გასამართ მსოფლიოს თასზე სავარაუდოდ მეორე-მესამე ნომრებით დაკომპლექტებული გუნდი ჩავა. ევროპირველობისწინა დასკვნითი შეკრება კი დაახლოებით ათდღიანი იქნება, ოღონდ ჯერ საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია, სად მოვემზადებით. როგორც ხედავთ, გეგმა დღეებშია გაწერილი. კარგი იქნებოდა, სპორტსმენებს ორ-ორ ტურნირზე გამოსვლა მოესწროთ, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ეს ფიზიკურად შეუძლებელია” – განაცხადა რევაზ მინდორაშვილმა.
ნაკრების მთავარ მწვრთნელს საკადრო ცვლილებებისშემდგომ შესაძლო შიდა დაძაბულობაზეც ვკითხეთ, რაზეც გვიპასუხა, რომ ნაკრებში სრული სიმშვიდეა. “აბსოლუტურად ყველა მოჭიდავე საქმეს პროფესიულად უდგება და არც ტრავმა აწუხებს ვინმეს. მოსამზადებელი პროცესი კარგ, საქმიან გარემოში მიმდინარეობს. წინ ევროპის უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატი გველის, რომელსაც თბილისმა უნდა უმასპინძლობს. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის უდიდესი დამატებითი პასუხისმგებლობაა და ვეცდებით გულშემატკივრები წარმატებებით გავახაროთ” – დასძინა მინდორაშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე