საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ჩერნოგორიის ქალაქ ბარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ალექსანდრე კილაძე (42 კგ) და რამაზ ზოიძე (58 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე 18 ივნისს ავიდნენ. 19-ში კი ანალოგიური შედეგი შმაგი თოდუამ (46 კგ) აჩვენა.
ოქრო-ვერცხლის შანსი თოდუამ მეოთხედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ისმაილ გაჯიევთან წაგებით. იქამდე ძირითად ბადეში სომეხი ჰაიკ ბადალიანი ჩამოიშორა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ბერძენ ნიკოლაოს ალექსანდროს დრაგაციკისსა და მოლდოველ ვიტალი ბუნიჩის მოუგო.
ედუარდ ნიკოლიშვილმა (63 კგ) მხოლოდ ერთი მეტოქის – იტალიელი ანტონიო ჯუზეპე ვარელას ძლევა მოახერხა. შემდეგ კი პოლონელ მატეუშ დარიუს კამპიკთან ვეღარას გახდა და რადგან ფინალამდე ვერც ამ უკანასკნელმა გააღწია, ნიკოლაშვილმა რეპეშაჟში გადართვის შანსიც დაკარგა.
რამაზან მალაკოევმა (54 კგ) პირველივე შეხვედრა წააგო, მოლდოველ პეტრუ იოვუსთან. ასევე თითოჯერ გავიდნენ ხალიჩაზე გიორგი გიორგობიანი (76 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ). გიორგობიანი თურქ ტოლგა გონელთან დამარცხდა, ხოლო მაჭარაშვილი – უკრაინელ ვიქტორ მანდრიკასთან.
20-21 ივნისს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებში გამოვლინდებიან. ჩემპიონატის დასკვნით ორ დღეში კი მედლები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გათამაშდება.
დამოუკიდებელი ქართული ჭიდაობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებს მონაწილე გოგონებშიც ეყოლება. შეჯიბრებაში გვანცა კარელიძე (38 კგ) და ანი ნაზარაშვილი (49 კგ) ჩაერთვებიან. ხალიჩაზე ორივე 20 ივნისს გავა. კარელიძე ევროპირველობას მეოთხედფინალით გახსნის, ნორვეგიელ რამონა ერიკსენთან შეხვედრით. ნაზარაშვილის მეტოქე კი მერვედფინალში ფინელი იანიკა ანილნა ვაკილა იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე