ჭიდაობა

10:13 | 31.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების ნაკრები ნახევრად დაკომპლექტდა

გუშინ, გლდანში მდებარე ოლიმპიური რეზერვების ცენტრში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა. ბრძოლაში საქართველოს ყველა რეგიონის 130-ზე მეტი მოჭიდავე ჩაერთო. დარჩენილ 5 წონაში 150-მდე მოჭიდავე უკვე აიწონა.
საქართველოს პირველობის უმთავრესი დატვირთვა ახალი ნაკრების დაკომპლექტებაა. მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ აგვისტოში, ბოსნიაში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას საქართველოს ჩემპიონებით შეავსებს. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყო და დაჯილდოვების ცერემონიალამდე მისვლა 20 საათისთვის ძლივს მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გლდანის დარბაზში 3 ხალიჩაზე თითქმის პაუზის გარეშე მიმდინარეობდა შეხვედრები.
უმსუბუქეს წონაში ყველას აჭარის სახელით მოჭიდავე ბესიკ ბოლქვაძემ აჯობა. ფინალში მან ონელი ლევან მურცხვანიძე დაამარცხა. 50 და 69 კილოგრამებში თბილისელები – ლევან ცალქალამანიძე და ლაშა გიგაშვილი გაჩემპიონდნენ. 58-ში ჩემპიონატი წაუგებლად ხაშურელმა დავით ბუზიაშვილმა ჩაამთავრა, ხოლო 85-ში – დედოფლისწყაროელმა არსენ მარტყოფლიშვილმა.
სამეულების სრულად ჩამოწერის შემდეგ, ვიდრე დაჯილდოვების ცერემონიალი შედგებოდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით, ერთმანეთს ბრინჯაოს პრიზიორები დაეჭიდნენ. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებებში თითოეული წონის სამ-სამი მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას და მესამე პრიზიორთა შორის საუკეთესოების გამოვლენის მიზეზიც სწორედ ეს იყო. პირველ-მეორე ნომრებთან ერთად ვარჯიშის უფლება თბილისელებმა - გიგა გიგაშვილმა (42 კგ), დავით გოგრიჭიანმა (58 კგ), შალვა ჭადაშვილმა (69), ქარელელმა რამილ შაკულ ოღლიმ (50 კგ) და ონელმა გიორგი ჩიკვილაძემ (85 კგ) მოიპოვეს.
დღეს მედლები 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 2-3 აპრილს კი ოლიმპიური რეზერვების ცენტრში საქართველოს ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან.
“ნაკრების ყოფილმა წევრებმა ჭაბულთა შორის გამოსვლა უკვე დაასრულეს და შიდა კონკურენცია თითქმის მთლიანად ახალ სახეებს შორის მიმდინარეობს. ერთადერთი, ვინც შარშანდელი შემადგენლობიდან შემოგვრჩა, 85 კილოგრამში მოჭიდავე ლევან გოგრიჭიანია, რომელიც საქართველოს პირველობას ტრავმის გამო ტოვებს. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში აუცილებლად შემოგვიერთდება და წონის ლიდერობისთვის ბრძოლაშიც ჩაერთვება. სხვა წონებში ევროპირველობაზე საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნები გაემგზავრებიან. წინ გრძელი მოსამზადებელი ციკლია და იმედია გუნდი მოუმატებს. დღევანდელი გადასახედიდან კი ძალიან სუსტი შემადგენლობა გვყავს” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” თამაზ ბენდიანიშვილმა.


თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
30 მარტი


42 კგ
1 ბესიკ ბოლქვაძე (აჭარა)
2 ლევან მურცხვანიძე (ონი)
3 გიგა გიგაშვილი (თბილისი)
3 თორნიკე ელიაშვილი (ხაშური)

50 კგ
1 ლევან ცალქალამანიძე (თბილისი)
2 შოთა ფარტენაძე (აჭარა)
3 რამილ შაკულ ოღლი (ქარელი)
3 ბექა სურმანიძე (თბილისი)

58 კგ
1 დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
2 ომარ გურჯიძე (ქუთაისი)
3 დავით გოგრიჭიანი (თბილისი)
3 გიორგი მოდებაძე (სტეფანწმინდა)

69 კგ
1 ლაშა გიგაშვილი (თბილისი)
2 გიორგი ძაგანაშვილი (რუსთავი)
3 შალვა ჭადაშვილი (თბილისი)
3 გიორგი კაზალიკაშვილი (თბილისი)

85 კგ
1 არსენ მარტყოფლიშვილი (დედოფლისწყარო)
2 ბექა როჭიკაშვილი (საგარეჯო)
3 გიორგი ჩიკვილაძე (ონი)
3 გიორგი ნაცვლიშვილი (თბილისი)

ოთარ მაღლაკელიძე

0.12151