მე-9 ადგილი ათ მონაწილეს შორის – ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასი. მახაჩყალაში ჩატარებული ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-4 ტურის შეხვედრები და პირველი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 ადგილების დასაკავებელი ბრძოლები ჩატარდა.
სამწაგებიან ქართულ გუნდს, ჯგუფში ბოლოსწინა პოზიციის დასაკავებლად და ხასიათის ოდნავ გამოსაკეთებლად, უნგრეთ-ყაზახეთის გაერთიანებული გუნდის ძლევა სჭირდებოდა. დავით ხურციასა და დავით ოთიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა სამწუხაროდ ვერც ამ ამოცანას გაართვა თავი ამჯერად ოდნავ უკეთესი ანგარიშით - 3:4 წააგო (შეგახსენებთ, პირველ-სამ შეხვედრაში ქართველები 2:5 დამარცხდნენ).
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბესიკ გოჩაშვილმა მახაჩყალის ხალიჩაზე ზედიზედ მე-4 შეხვედრაც წააგო და წინ უნგრეთ-ყაზახეთი გავიდა. მალხაზ ქურდიანმა (60 კგ) საერთო ანგარიში გაათანაბრა. ცნობისთვის, იქამდე გოჩაშვილის მსგავსად, ქურდიანსაც 3 მარცხი ჰქონდა. 66 კილოგრამში ქულა კვლავ ქართველთა მეტოქებს ერგოთ, ოღონდ უბრძოლველად - ტრავმირებულმა შალვა მუზიაშვილმა ვერც დღეს შეძლო ჭიდაობა. წონასწორობა გელა საღირაშვილმა (74 კგ) აღადგინა, გაბორ ჰატოშის ძლევით. ბექა ჭელიძე (84 კგ) იშტვან ვერებთან დამარცხდა და უნგრეთი-ყაზახეთი ისევ დაწინაურდა, დავით ქერაშვილმა (96 კგ) გერგელი კიშთან მოპოვებული იოლი გამარჯვებით მძიმეწონოსანთა ორთაბრძოლას ინტრიგა შეუნარჩუნა.
გიორგი საკანდელიძისა და დანიელ ლიგეტის შეხვედრა მართლაც ძალიან დაძაბული გამოდგა და საფინალო სირენის შემდეგ, ჩხუბში გადაიზარდა. ლიგეტიმ საკანდელიძეს თავზე შეურაცხმყოფელად დაჰღრიალა. ამ არაკორექტული ჟესტით და მსაჯების რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა ქართველმა მძიმეწონოსანმა კი მეტოქის საცემრად გაიწია, რასაც ტრიბუნებიდან სტვენა მოჰყვა. უნგრელმა ქართულ დელეგაციასაც მიანიშნა რაღაც, რაც დარბაზში მყოფთა უმეტესობამ ნამდვილად ვერ გაიგო. აი დაბოღმვის ნამდვილი მიზეზიც:
6 თვის წინათ, მოსკოვში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რეპეშაჟის ფინალში ლევან ბერიანიძემ სწორედ დანიელ ლიგეტი დაამარცხა და საფინალო სირენის შემდგომ, მეტოქის მისამართით ისეთივე ჟესტი გამოიყენა, რაც დღეს ლიგეტიმ, საკანდელიძესთან.
ზემოთ მახაჩყალელი მაყურებლის სტვენა აღვნიშნეთ. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სხვა ქვეყანაში სხვაგვარად შეაფასებდა ტრიბუნები მსგავს არასპორტულ საქციელს. ასევე გასაგებია ის რეაქციაც, რომელიც გელა საღირაშვილისგან ბულგარელი მეტოქის შეურაცხყოფას მოჰყვა, მაგრამ დაღესტნელი ქომაგების არაქართული განწყობა ამ ეპიზოდების გაუთვალისწინებლადაც რამდენჯერმე გამოჩნდა.
საქართველო B ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა და საბოლოო მე-9 ადგილის დასაკავებლად A ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთს დაეჭიდა. აქ კი, არასპორტული საქციელის გამო მოხსნილი საღირაშვილის გარდა, ყველა ქართველმა იმარჯვა. თვით ტრავმირებულმა მუზიაშვილმაც კი, რომელმაც ასევე ტრავმირებულ მოწინააღმდეგეს იმით აჯობა, რომ ხალიჩაზე გასვლა შეძლო.
მსოფლიოს თასს და 100 ათას დოლარს რუსეთის ნაკრები დაეუფლა. მასპინძლებმა ფინალში ირანელებს 5:2 მოუგეს, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანმა უზბეკეთი დაამარცხა. ირანს 60 ათასი დოლარი ერგო, აზერბაიჯანს – 40 ათასი.
ოთარ მაღლაკელიძე