სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძენ-რომაელთა შორის მედლების შვიდივე კომპლექტის გათამაშების შემდეგ საქმეში მოჭიდავე ქალები ჩაერთნენ. ხვალიდან 18 სექტემბრის ჩათვლით კი ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც გამოავლენენ.
ხვალ ხალიჩაზე მხოლოდ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს სახელით ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს. უკვე წილისყრაც შედგა და ცნობილი გახდა, რომ ხინჩეგაშვილი ჩემპიონატს ვენესუელელ ფერნანდო ხოსე პარედეს როხასთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებულს მეორე წრეში ჩინელი მუდე ქი ელოდება. მერვედფინალში კი ბრიტანელ კრეიგ თომას მაკენასა და ნამიბიელ ნაატალე სემ შილიმეას შორის საუკეთესო.
სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს მოხვდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2003 და 2005 წლებში), უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დილშოდ მანსუროვი და პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ბულგარელი რადოსლავ მარინოვ ველიკოვი. ამ ორი სპორტსმენისა და ხინჩეგაშვილის გზები ერთმანეთს მეოთხედფინალში უერთდება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რუსი ვიქტორ ლებედევი კი ბადის მეორე მხარესაა.
17 სექტემბერს მედლები 60, 84 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, 18-ში კი – 66, 74 და 120 კილოგრამებში. შეგახსენებთ ზაზა თურმანიძის მიერ დასახელებულ მსოფლიოს შემადგენლობას: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), შალვა მუზიაშვილი (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე