ჭიდაობა

14:08 | 17.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების დღეები თურქეთში

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანკარას საერთაშორისო ტურნირზე 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა ქართველ ბერძენ-რომაელთა გუნდიდან კი კვარცხლბეკზე 5 მოჭიდავე ავიდა.
ნუგზარ სხირელის შეგირდებიდან მაჟორული წერტილი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა დასვა. მან შეჯიბრი წაუგებლად ჩაიჭიდავა და ტურნირის მასპინძლებს გუნდური ჩემპიონობის ბოლო იმედი გადაუწურა. ამავე წონაში, საქართველოს სახელით ხალიჩაზე მამუკა კორძაიაც გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა 60 კილოგრამში მოჭიდავე ვასილ მამულაშვილმაც. თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ) კი სამეულს მიღმა დარჩა.
ვლადიმერ ადეიშვილის გუნდს მეოთხე-მეხუთე ბრინჯაო 84 კილოგრამში მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძემ და რევაზ ნადარეიშვილმა მოუტანეს. ამ უკანასკნელს წინასწარი განაცხადის თანახმად, 74 კილოგრამში უნდა ეჭიდავა, მაგრამ მწვრთნელმა ერთი წონით მაღლა ასწია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებულ სატურნირო განაცხადში 84-ში არსენ კახაბრიშვილიც იყო შეყვანილი, მაგრამ იგი მედალს ვერ შეწვდა, ისევე როგორც 60 კილოგრამში მოჭიდავე ქემალ ხარაბაძე და გოგიტა გოგიბერაშვილი. ტურნირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მხოლოდ ჩემპიონ-პრიზიორთა სიები გამოაქვეყნა და არსად დაწერილა და თქმულა, რა ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას ქართველები.
შეგახსენებთ, ანკარაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), თორნიკე ხიდეშელი (96) და ლევან ბერიანიძე (120) გახდნენ. მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი გაიმართა - ბერიანიძემ გიორგი საკანდელიძეს სძლია. ხოლო ვასილ მამულაშვილი (60) და მამუკა კორძაია (84) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ნუგზარ სხირელის გუნდმა საბოლოოდ 60 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ თურქეთს 2 ქულით გაუსწრო.  
ბერძენ-რომაელთა ნაკრებს ბრინჯაოს მედალები თორნიკე მახარაძემ (50), უშანგი ჩიტიაშვილმა (74), დავით ჩაკვეტაძემ, რევაზ ნადარეიშვილმა (ორივე - 84) და ბექა ჩოფლიანმა (96) მოუტანეს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას - 5-6 ივნისს თბილისში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდ პრიზი" გაიმართება და ხალიჩაზე სხირელისა და ადეიშვილის შეგირდებიც გავლენ. სეზონის ორი უმთავრესი ახალგაზრდული შეჯიბრიც ზაფხულშივეა. 29 ივნისიდან 4 ივლისამდე ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ევროპირველობა შედგება, ხოლო 20-25 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

 

ოთარ მაღლაკელიძე

0.117993