ჭიდაობა

19:56 | 18.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლები სეზონს რუსულად ასრულებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რუსეთში გაემგზავრა. 19-21 ოქტომბერს ქალაქ ხასავიურტში, ინტერკონტინენტალის თასი გათამაშდება და მასში ქართული გუნდი 7-კაციანი შემადგენლობით გამოვა. გასულ წლებში დაღესტნური ტურნირი გუნდური პრინციპით ტარდებოდა. ამჯერად კი ორგანიზატორებმა ფორმატი შეცვალეს და ჩემპიონ-პრიზიორები ინდივიდუალურ პირველობაში გამოვლინდებიან.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დავით ხურცია ხასავიურტის ხალიჩაზე შესუსტებულ შემადგენლობას გაიყვანს. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართულ გუნდს მონაწილე არ ეყოლება. ამ წონის ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინტერკონტინენტალის თასზეც 60 კილოგრამში იჭიდავებს ყველა მომავალ ტურნირზეც. ოლიმპიური თამაშების ფინალისტი წონის შეცვლაზე ჯერ კიდევ ლონდონში გამგზავრებამდე საუბრობდა და უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო. ამავე წონაში ხასავიურტის ხალიჩაზე საქართველოს სახელით ბექა ლომთაძეც გავა.
66-ში საქართველოს სახელით დავით ბერძენიშვილი და მალხაზ ქურდიანი იჭიდავებენ, 74-ში - დავით ხუციშვილი და იაკობ მაქარაშვილი, 96-ში - ელიზბარ ოდიკაძე, ხოლო 120-ში - გიორგი საკანდელიძე. წინასწარი ინფორმაციით, დაღესტანში დავით მარსაგიშვილიც (84 კგ) უნდა წასულიყო, მაგრამ ვარჯიშზე მიღებული მცირე ტრავმის გამო გადაიფიქრა.
ინტერკონტინენტალის თასის ჩამთავრების შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წლევანდელ გეგმაში ერთი საერთაშორისო ტურნირიღა დარჩება – 9-11 ნოემბერს გასამართი მოსკოვის ერთა თასი. სეზონს კი ნოემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.125081