ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირი წარუმატებლად ჩაამთავრეს. ნაკრების მწვრთნელთა საბჭოსა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელარუსულ ხალიჩაზე ქართული გუნდი ლიდერების გარეშე გავიდა. 10 კანდიდატიდან კვარცხლბეკს ვერავინ უწია.
ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს – 5 მარტს, ჩემპიონ-პრიზიორები 84, 96 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ არჩილ ქიტიაშვილმა, ირაკლი მარსაგიშვილმა (ორივე 84 კგ), ლერი ქეთიშვილმა (96 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) იჭიდავეს, მაგრამ რამდენი შეხვედრა ჩაატარეს და ვისთან წაგებით გამოეთიშნენ მედლისთვის ბრძოლას, ამაზე ინფორმაცია არც ერთ ვებ-გვერდზე და სპორტულ გამოცემაში არ გავრცელებულა. ტექნიკური შედეგების თანახმად კი, საპრიზო სამეულები პარასკევის მსგავსად, შაბათსაც უქართველებოდ შეივსო.
19-20 მარტს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მახაჩყალას მიაშურებენ, მსოფლიოს თასზე საჭიდაოდ. აქედანვე დაზუსტებულია, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირშიც გადახალისებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.
ოთარ მაღლაკელიძე