საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისს დუშეთის შეკრებით აგრძელებს. 9 თებერვალს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე გაფართოებულ შემადგენლობას შემოიკრებს, ორკვირიანი წვრთნის გასავლელად. შემდეგ კი წინასაევროპო გეგმაში 2 შეკრება და ერთადერთი ტურნირი დარჩება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მძიმეწონოსანი მოჭიდავეები მიიღებენ.
“დუშეთში პირველად მივდივართ სავარჯიშოდ. ბაზა და სპორტული კომპლექსი უკვე დავათვალიერე და კმაყოფილი დავრჩი. ერთი შეხედვით, ბრწყინვალე პირობებია სრულყოფილად მოსამზადებლად. არ გამოვრიცხავ, მორიგი შეკრებებიც დუშეთში გავიაროთ. ამჯერად სიაში 38 სპორტსმენია შეყვანილი” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” თურმანიძემ.
ნაკრების მწვრთნელისვე სიტყვებით, უკვე დაზუსტდა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატის ჩატარების თარიღი. მძიმე წონის შიდა კონკურენციის ლიდერი 24 მარტს, თბილისში გამოიკვეთება.
13-18 აპრილს, ბაქოში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ქართული შვიდეული კი დასკვნით სანაკრებო შეკრებაზე გამოცხადდება.
ოთარ მაღლაკელიძე