სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

20:20 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლები დილის პროგრამაში გათავისუფლდნენ

 

ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ჩაერთნენ და გვიან საღამოს რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში ჩემპიონ-პრიზიორებსაც გამოავლენენ. საქართველოს ნაკრებისთვის კი დღე წარუმატებელი გამოდგა. გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან ხალიჩაზე ალექსანდრე კილაძე (50 კგ), გიორგი ბრეგაძე (60 კგ), ტარზან მაისურაძე (74 კგ) და ნოდარ კურტანიძე (96 კგ) გავიდნენ და ჩემპიონატს დილის ბლოკშივე გამოეთიშნენ.

შედარებით შედეგიანად გიორგი ბრეგაძემ იჭიდავა – გერმანელი დავიდ ვოლნისა (6:1) და საფრანგეთის ნაკრების წევრ ილმან მუხტაროვის (10:0) იოლად ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ამერიკელ ჯოზეფ მკენასთან უშანსოდ წააგო (0:10) და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური მოიპოვა, თავად რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, მაგრამ აზერბაიჯანელ ვურგუნ ალიევთანაც ვერაფერს გახდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ალექსანდრე კილაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა, უზბეკ მახუჯონ შავკატოვთან მარცხით (2:13). ეს უკანასკნელი ფინალამდე ვერავინ შეაჩერა და ქართველ მსუბუქწონოსანს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, მაგრამ იქაც პირველსავე მეტოქესთან – ყირგიზ ჟირგალბეკ აბდიკარიმთან წააგო (1:12).

ტარზან მაისურაძემ და ნოდარ კურტანიძემ მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს. მაისურაძისთვის პირველ წრეში დაუძლეველი ზღუდე ამერიკელი ენტონი ვალენსია აღმოჩნდა, ხოლო კურტანიძისთვის – ირანელი პედრამ ჯამშიდი.

ხვალ მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი საქმეში გიორგი ლეჟავა (55 კგ), ომარ გურჯიძე (66 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) ჩაერთვებიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122964