ჭიდაობა

10:47 | 27.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლები 2011-მდე გათავისუფლდნენ

“ჩემპიონატით მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი. შიდა კონკურენციის ლიდერები გამოიკვეთნენ და მომავალ სეზონში ძირითადი აქცენტი მათზე გაკეთდება. უმეტესწილად, იმ მოჭიდავეებმა მიაღწიეს წარმატებას, ვისგანაც ველოდით. ჩემპიონატის აღმოჩენად კი ქუთაისელ ბექა ლომთაძეს მივიჩნევ, რომელმაც 60 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უკვე რამდენიმე ახალგაზრდამ ძირითადი ნაკრების წევრობაზეც გააკეთა სერიოზული განაცხადი და ვფიქრობ, ამ ბიჭების სახით გუნდმა საკმაოდ ძლიერი შევსება მიიღო. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე საქართველოს ნაკრებს 3-4 ლიდერი ეყოლება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ, საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. დიღმის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებული ორდღიანი პირველობის მეორე დღეს – 26 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
84, 96 და 120 კილოგრამებში მთლიანად 58 სპორტსმენი მოგროვდა და ამიტომაც იყო, მედლების სამივე კომპლექტის გათამაშებას წინა დღისგან განსხვავებით ლამის სამი საათით ნაკლები რომ დასჭირდა. მოულოდნელად, დღე ისე ჩამთავრდა, ხმაურიანი გარჩევებისა და აყალმაყალის გამო ხანგრძლივი პაუზა ერთხელაც არ დაფიქსირებულა. არადა, გუშინდელი მწარე გამოცდილების მიუხედავად, ორგანიზატორებს წესრიგის დამცველთა დაქირავებაზე არც დღეს უზრუნიათ. ერთადერთი პრობლემა, რომელიც ვერაფრით მოგვარდა, არენიდან მაყურებლის ტრიბუნაზე ანაცვლება იყო. სიჯიუტე არაფერ შუაშია, უბრალოდ, დასაჯდომი ადგილები დილიდანვე გადაიჭედა და ფეხზე დარჩენილ გულშემატკივართა უმრავლესობას დარბაზში ჩასვლისა და ლეიბების გვერდით მოკალათების გარდა, სხვა არჩევანი არც ჰქონდა.
84 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული სტეფანწმინდელმა დავით მარსაგიშვილმა მოიპოვა. ახალგაზრდული ნაკრების ტიტულოვანი წევრი ოქროს გზას გორელი მეტოქეების, გიორგი ლოიჯიშვილისა და ლევან ფილოიანის ძლევით შეუყვა. მესამე წრეში კი საკუთარი ძმა, ირაკლი ჩამოიცილა. მეოთხედფინალში თბილისის სახელით მოჭიდავე თორნიკე სვანიძეს აჯობა, ნახევარფინალში – ყვარლელ დავით ახალმოსულიშვილს, ხოლო გადამწყვეტი გამარჯვება აჭარის სახელით მოჭიდავე ბექა ჭელიძესთან შეხვედრაში იზეიმა.
ჭელიძემ ფინალამდე ნოდარ ეგაძეს (გორი), დიმიტრი ქოჩიაშვილს (თბილისი), ვეფხვია ჯიჯავაძესა (აჭარა) და არჩილ ქიტიაშვილს (გურჯაანი ) სძლია. ბრინჯაოს მედლებს ქიტიაშვილი და ირაკლი მარსაგიშვილი დაეუფლნენ.
96 კილოგრამში უმთავრეს ფავორიტად ბელდუხ გავაშელიშვილი (თბილისი) მიიჩნეოდა და მართლაც, ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა. მისი და ელიზბარ ოდიკაძის (თბილისი) ფინალური ბრძოლა კი დღევანდელი დღის მშვენება იყო. გავაშელიშვილმა 2 პერიოდში მოიგო, საოცრად დაძაბულ და ლამაზ შეხვედრაში. გადამწყვეტ შეხვედრამდე, ფინალისტებმა 3-3 მეტოქე დაამარცხეს. გავაშელიშვილმა - გიორგი გოგრიჭიანი (თბილისი), მამუკა კორძაია (აჭარა) და დავით ქერაშვილი (სტეფანწმინდა), ხოლო ოდიკაძემ – შანშე არაბული (თბილისი), ლერი ქეთიშვილი (თბილისი) და თორნიკე ხიდაშელი (გარდაბანი). კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ქერაშვილი და ქეთიშვილი ავიდნენ.
ყველაზე დიდ ინტერესს მძიმე წონა იწვევდა. ფავორიტთა შორის 4 მოჭიდავე სახელდებოდა და ოთხივე ისე გადანაწილდა სატურნირო ბადეში, რომ ერთმანეთს ნახევარფინალამდე არ ხვდებოდნენ. მართლაც, ნახევარფინალური წყვილები თბილისის სახელით მოჭიდავე სწორედ ამ ოთხეულმა შეადგინა. ლევან ბერიანიძე გიორგი ნიკურაძეს დაეჭიდა, ხოლო დავით მოძმანაშვილი – გიორგი საკანდელიძეს. ბერიანიძემ პირველი პერიოდი ბურთულის ფერით მოპოვებული ილეთით მოიგო, მეორე – საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე, მეტოქის გაფრთხილების გამო მიღებული ქულით. მოძმანაშვილმაც, 2 პერიოდში მოამთავრა საქმე და მასაც, პირველში ფორტუნამ გაუღიმა, მეორეში კი მოწინააღმდეგე ხალიჩის გარეთ ერთხელ გაიყვანა.
ნახევარფინალში დამარცხებულებმა ცოტა ხანში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრებში იმარჯვეს. ფინალში კი დავით მოძმანაშვილმა მესამე სეტში შესრულებული ერთქულიანი ილეთით მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. იქამდე ორივე პერიოდი უქულოდ გაილია და ჯერ მოძმანაშვილმა, შემდეგ კი ბერიანიძემ ტომრიდან ამოღებული ბურთულებით მიღებული უპირატესობით ისარგებლეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობით 2010 წლის სეზონი დაასრულეს. ბერძენ-რომაელები კი შიდა კონკურენციაში 22-23 დეკემბერს ჩაერთვებიან.



თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი. 26 ნოემბერი

84 კგ

1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2 ბექა ჭელიძე (აჭარა)
3 არჩილ ქიტიაშვილი (გურჯაანი)
3 ირაკლი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

96 კგ

1 ბელდუხ გავაშელიშვილი (თბილისი)
2 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
3 დავით ქერაშვილი (სტეფანწმინდა)
3 ლერი ქეთიშვილი (თბილისი)

120 კგ
1 დავით მოძმანაშვილი (თბილისი)
2 ლევან ბერიანიძე (თბილისი)
3 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
3 გიორგი ნიკურაძე (თბილისი)

ოთარ მაღლაკელიძე




 

0.114908