თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატზე მედლები ათივე წონით კატეგორიაში გათამაშდა. გუშინ, გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრის ხალიჩაზე 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები გავიდნენ. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს სხვებზე მეტად გორელმა სპორტსმენებმა იყოჩაღეს – 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ბექა ბუჯიაშვილი (46 კგ), ლაშა ბიტარაშვილი (54 კგ) და გენო პეტრიაშვილი (100 კგ) გახდნენ. 63 კილოგრამში ჩემპიონატი დაუმარცხებლად აჭარის გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი მოსიძემ ჩაიჭიდავა, ხოლო 76 კილოგრამში ყველას თბილისელმა იაკობ პეტრიაშვილმა აჯობა.
გუშინდელი დღის ერთ-ერთი საინტერესო მომენტი ნოდარ კურტანიძის (100 კგ) ჭიდაობა იყო. მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონ ლუკა კურტანიძის ვაჟმა ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობა და დებიუტი ვერცხლის მედლით აღნიშნა.
ხუთივე წონითი კატეგორიის სამეულების ჩამოწერის შემდეგ არაგეგმიური 5 შეხვედრაც ჩატარდა. ერთმანეთს ბრინჯაოს პრიზიორები დაეჭიდნენ და გამარჯვებულებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სანაკრებო შეკრებებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 46 კილოგრამში საუკეთესო მესამე ადგილი სამტრედიელმა შოთა ფანცულაიამ დაიკავა, 54-ში – აჭარის გუნდის წევრმა ლევან ბაჯელიძემ, 63-ში – ნინოწმინდელმა ვარუჟან კაჟოიანმა, 76-ში – თბილისელმა ლაშა შარაშიძემ, 100-ში - ზუგდიდელმა გიორგი კაკაურიძემ.
საქართველოს ჩემპიონებით რომ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ნაკრები დაკომპლექტდება, მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა “მსოფლიო სპორტს” ჯერ კიდევ გუშინწინ განუცხადა. გუშინ კი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ გააკეთა კომენტარი.
“ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად სრულყოფილი გეგმა გვაქვს შემუშავებული, მაგრამ შეიძლება მასში მცირე ცვლილებები განხორციელდეს. ექვს აპრილს საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებთან ერთად ვარიანში გავემგზავრები, 2 კვირით. შეკრების დასრულებისთანავე ბაქოში, აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე მივიღებთ მონაწილეობას. ხალიჩაზე საქართველოს ჩემპიონები და ნაკრების რამდენიმე კანდიდატი გავლენ. 21-23 მაისს კი, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირზე ნახევარი გუნდით გამოვალთ. მიწვევა მხოლოდ ხუთ წონით კატეგორიაში - 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში მივიღეთ. პოლონურ ტურნირზე ბავშვთა ოლიმპიური თამაშების საგზურები გათამაშდება. ვინაიდან ლიმიტი ძალიან შეზღუდულია, საქართველო სულ რაღაც 2 ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს. 4-6 ივნისს, საერთაშორისო ტურნირს თურქეთი უმასპინძლებს, ხოლო 3-5 ივლისს – ირანი. ამ შეჯიბრებებზე ალბათ წონის ლიდერებს დავაყენებთ. სეზონის უმთავრესი ტურნირი – ევროპის ჩემპიონატი კი 4-6 აგვისტოს, ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება” – განაცხადა თამაზ ბენდიანიშვილმა.
2-3 აპრილს ოლიმპიური რეზერვების ცენტრში საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც გამოავლენენ.
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
31 მარტი
46 კგ
1 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2 გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი)
3 შოთა ფანცულაია (სამტრედია)
3 შალვა ხუციშვილი (გორი)
54 კგ
1 ლაშა ბიტარაშვილი (გორი)
2 ბექა ქობალია (წალენჯიხა)
3 ლევან ბაჯელიძე (აჭარა)
3 რამაზან საიდოვი (ყვარელი)
63 კგ
1 ირაკლი მოსიძე (აჭარა)
2 კახა ელბაქიძე (გორი)
3 ვარუჟან კაჟოიანი (ნინოწმინდა)
3 გიგა ადეიშვილი (ქუთაისი)
76 კგ
1 იაკობ პეტრიაშვილი (თბილისი)
2 გიორგი მოდებაძე (საჩხერე)
3 ლაშა შარაშიძე (თბილისი)
3 ნოდარ აფხაზიშვილი (თბილისი)
100 კგ
1 გენო პეტრიაშვილი (გორი)
2 ნოდარ კურტანიძე (აფხაზეთი)
3 გიორგი კაკაურიძე (ზუგდიდი)
3 ნიკოლოზ ტაბაღუა (ზუგდიდი)
ოთარ მაღლაკელიძე