საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოში ჩატარებული მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 8 მედლით მოიარა. მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა აზერბაიჯანში 15 შეგირდი იახლა და მათგან საუკეთესო შედეგი გიორგი ჩხარტიშვილმა აჩვენა - 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ჭაბუკი ჩემპიონი გახდა.
ტაიფუნ აბდულაევმა (46 კგ) და ბექა წიკლაურმა (58 კგ) ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგეს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. გიორგი ლეჟავა (50), ტარზან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე (69), ირაკლი მწითური (76 კგ) და როლანდ ანდრიაძე (100) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ხოლო მაგამედ საიდოვს (42 კგ), რამაზ ზოიძესა (46 კგ) და ივანე გაბოძეს (54 კგ) სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
მუშვიგ ისაევის მემორიალში მონაწილეობა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და გერმანიის ნაკრებებმა მიიღეს.
2012 წელს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატს 17-22 ივლისს პოლონეთის ქალაქი კატოვიცე უმასპინძლებს, მსოფლიოს პირველობა კი 21-27 აგვისტოს ბაქოში გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე