ჭიდაობა

11:12 | 4.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალმა ჭაბუკებმა 3 ბრინჯაოთი დაიწყეს

გუშინ ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. პირველი-ორი დღე თავისუფალი სტილის მიმდევრებს ეთმობათ და 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში უკვე ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ. კვარცხლბეკზე საქართველოს ნაკრების 3 წევრიც ავიდა. დავით ბუზიაშვილმა (58 კგ), ლაშა გიგაშვილმა (69 კგ) და ლევან გოგრიჭიანმა (85 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლევან ცალქალამანიძეს (50 კგ) ანალოგიურ შედეგამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა.
თამაზ ბენდიანიშვილის შეგირდთაგან ევროპირველობას საწყის ეტაპზე მხოლოდ უმსუბუქეს წონაში – 42 კილოგრამში მოჭიდავე ბესიკ ბოლქვაძე დაემშვიდობა. იგი პირველსავე შეხვედრაში თურქ საიგილი ბურჰანთან დამარცხდა და ცოტა ხანში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც თურქი ნახევარფინალში ჩარჩა.
ბრინჯაოს პრიზიორი ქართველები ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ. ბუზიაშვილს საჩემპიონო გზა თურქმა კილიჩალანმა გადაუკეტა. იქამდე ქართველმა მაკედონიელი ლიმანი, ებრაელი გარდაშოვი და რუსი ბაგამაევი ჩამოიშორა. “ბრინჯაოს ფინალში” კი ბულგარელ ლევონ სუხოვს აჯობა. გიგაშვილმა ნახევარფინალამდე ლატვიელ სუპრინსს, უკრაინელ აბდულაევსა და ბელარუს ზალიზკას მოუგო. რუს მალიკოვთან ვეღარას გახდა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში უნგრელ ნოე საბოს სძლია. გოგრიჭიანმა გადამწყვეტი გამარჯვება უკრაინელ იაროსლავ კნიგინთან მოიპოვა. ძირითად ბადეში კი პოლონელი პიეაკარასა და სომეხი მკოიანის ძლევის შემდეგ, თურქ ბონჩეოღლუსთან დამარცხდა.
ცალქალამანიძე რეპეშაჟის ფინალში ბულგარეთის სახელით მოჭიდავე ფერაიმთან წაგების გამო გადაერთო, იქ კი უკრაინელმა კარაბიბერმა აჯობა და სამეულს მიღმა დატოვა. ძირითად ბადეში ქართველმა მოჭიდავემ ებრაელი პრივალოვი და მოლდოველი სავინი ჩამოიშორა.
დღეს მედლები დარჩენილ 5 წონაში – 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ბექა ბუჯიაშვილი (46 კგ), ლაშა ბითარაშვილი (54 კგ), ირაკლი მოსიძე (63 კგ), იაკობ პეტრიაშვილი (76 კგ) და გენო პეტრიაშვილი (100 კგ) დაიცავენ.

ოთარ მაღლაკელიძე

   



 

 
 

0.134584