ჭიდაობა

22:03 | 27.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი შვიდეული უკვე დორტმუნდშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, დღეს გერმანიაში გაემგზავრა. 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, ქალაქი დორტმუნდი ევროპის 2011 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და პირველი-ორი დღე თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმობა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზაზა თურმანიძემ შემადგენლობა შარშან, დეკემბერში ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნებით დააკომპლექტა. გამონაკლისი მხოლოდ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუშვა და ისიც იძულებითი – საქართველოს ჩემპიონ ცოტნე ბარამიძეს, ქართული დროშის ქვეშ ჭიდაობის ნებას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია არ რთავს, რადგან მოქალაქეობა უკვე ორჯერ შეიცვალა. ბარამიძე ამჟამად ყაზახეთის მოქალაქეა და ფილას ახალი წესების თანახმად, ყაზახეთის გარდა, სხვა არჩევანი აღარც რჩება.
დორტმუნდში ქართული გუნდი ლეიბზე რამდენიმე სახელოვანი მოჭიდავის გარეშე გავა. ოთარ თუშიშვილმა (66 კგ), რევაზ მინდორაშვილმა (84 კგ) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) ევროგანაცხადის შესარჩევ ეტაპად მიჩნეული საქართველოს ჩემპიონატი ტრავმების გამო გამოტოვეს და ადრინადვე ცნობილი გახდა, რომ შიდა კონკურენციაში გასალიდერებლად ხალიჩას ზაფხულში, თბილისის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე დაუბრუნდებიან.
აქვე, ევროპირველობაზე გამგზავრებული შვიდეული: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), მალხაზ ზარქუა (60 კგ), კობა კაკალაძე (66 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ). ამათგან სამმა: ხინჩეგაშვილმა, ზარქუამ და მოძმანაშვილმა ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზეც იჭიდავეს და ზარქუას ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა – ფინალში რუს ოპან სატთან წააგო. შეგახსენებთ, 2010 წელს ბაქოში ჩატარებულ ევროპირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გიორგი გოგშელიძე არაობიექტურმა მსაჯობამ კვარცხლბეკის მეორე საფეხურს დააჯერა, ოთარ თუშიშვილი კი, მესამე ადგილზე გავიდა. ქართულმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 34 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.
“წინასაჩემპიონატო მოსამზადებელი ციკლი ნაკრებმა გეგმაზომიერად გაიარა. ბიჭები საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან. ერთადერთი, რამაც ბოლო დღეებში აგვანერვიულა, ბელდუხ გავაშელიშვილის ტრავმაა – ვარჯიშისას ნეკნი იტკინა, მაგრამ იმედია, ეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ხელს არ შეუშლის” – უთხრა ზაზა თურმანიძემ “მსოფლიო სპორტს”.
ნაკრების თავკაცმა პროგნოზის გაკეთებისგან ტრადიციულად, თავი შეიკავა, თუმც იქვე დასძინა, იმის მიუხედავად, რომ გუნდის რამდენიმე წევრი ევროპის ჩემპიონატზე პირველად გადის, მათგანაც და შედარებით გამოცდილებისგანაც კარგ ჭიდაობას ველოდებიო.
თავისუფალთათვის დათმობილ პირველ დღეს – 29 მარტს, მედლები 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 30-ში კი, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

ოთარ მაღლაკელიძე

0.119012