ჭიდაობა

18:32 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ახალგაზრდების 5 მედალი ბაქოდან

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა დღეს, ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურნირზე “აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე” ოქროს მედალი მოიპოვა. ბაქოს “სერხაჯის” დარბაზში, ქართველმა მძიმეწონოსანმა გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ალი მაგომედაბიროვი დაამარცხა. ფინალამდე კი, ტურნირის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელი ტოგრულ ცავადლი და ყაზახი ოლეგ ბოლტინი ჩამოიცილა.

გიორგი გოგშელიძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან აზერბაიჯანული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შოთა ფარტენიძეც ავიდა. მან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში თურქ მეტოქეებს: სედატ ოზდემირსა და ბურაკ დოგანს აჯობა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ნურლან ნასიევს მოუგო.

ბექა ბუჯიაშვილსა (55 კგ) და როლანდ ანდრიაძეს (96 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბუჯიაშვილმა თურქი ალი კარაბოგასა და ყაზახი იანდოს ისმაილოვის ძლევის შემდეგ ფინალში მასპინძელ რუსლან სურხაევთან წააგო. ანდრიაძემ ვერცხლის მედალი თურქ იუსუფ ზეიბეკთან მარცხის შემდეგ აიღო. სწორედ ამ თურქმა დაასრულებინა ძირითად ბადეში გამოსვლა ქართული გუნდის კიდევ ერთ წევრს – გიორგი კაკაურიძეს. ეს შეხვედრა მეოთხედფინალში შედგა. შემდეგ კი კაკაურიძე დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო და საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორ-ორი ოქრო-ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ჩამორჩა.

შეგახსენებთ, “აზერბაიჯანის ფედერაციის თასი” 18 აპრილს დაიწყო და პირველი ორი დღე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს და ახალგაზრდებს დაეთმოთ. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი) 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ადეიშვილის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. გუშინ კი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელსაც სათავეში შაკო ბედინიდისისი უდგას, სამივე სინჯის 2-2 მედალი გამოიმუშავა.

 

 

0.114086