ჭიდაობა

15:57 | 4.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალ ახალგაზრდებს ოლიმპიურმა კომიტეტმა უმასპინძლა

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე და მედალოსნები: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრნენ. შეგახსენებთ, 29-30 მარტს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩატარებულ ევროპირველობაზე, ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება ხინჩეგაშვილსა და მარსაგიშვილს დააკლდათ, ხოლო ხუციშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.
“ამ დღეებში ძალიან ბევრმა მკითხა, როგორ შეაფასებთ მოჭიდავეების გამოსვლას ევროპირველობაზეო. ეს აჟიოტაჟი და გამორჩეული ინტერესი ძალიან სასიამოვნოა. მართალია, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეჯიბრი ოქროს გარეშე ჩაამთავრეს, მაგრამ პირადად მე, საერთო შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ. ამ ბიჭებს მომავლის გუნდს ვუწოდებდი და ახლაც ასე ვთვლი, თუმც უკვე მსოფლიოს ელიტაში შეაბიჯეს და მჯერა, შემდგომ დიდ ჩემპიონატებამდე კიდევ უფრო მეტად დაიხვეწებიან. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, ჩვენი უმთავრესი სამიზნე კი მომავალი წლის ზაფხულში ჩასატარებელი ოლიმპიური თამაშებია” – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა.
ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით მარსაგიშვილისთვის მსაჯებისგან წართმეული ოქროს მედალიც ახსენა, აღნიშნა რა, რომ მსგავსი სახის უსამართლობა აქამდე არასოდეს არ უნახავს.
“ჭიდაობა ქართველთათვის წარმატებული სახეობაა და როგორ შეიძლება, მისი ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღება ვინატროთ, მაგრამ ფაქტია, ამოსაღებია. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მსგავსი მოუწესრიგებელი და უთავბოლო ფედერაცია არ არსებობს. ფინალში მარსაგიშვილის დაჩაგვრას უმცირესი გამართლებაც კი არ მოეძებნება. რეალური ოქრო წაგვართვეს და ეს პირველი შემთხვევა როდია. იმედია, ამ პრობლემას ბიჭები დამატებით სტიმულად გამოიყენებენ და სამომავლოდ გაცილებით შემართულები და მობილიზებულები იბრძოლებენ” – დასძინა ნაცვლიშვილმა.
ზაზა თურმანიძემ შეგირდებს კარგი ჭიდაობისთვის მადლობა გადაუხადა და ოპტიმალური პროგნოზიც გააკეთა – მინდოდა, ამ ევროპირველობაზე დამენახა, რომ ბიჭებს უმაღლესი შედეგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ და ერთხელაც დავრწმუნდი, ხელჩასაჭიდი ნამდვილად არსებობს. კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და უკეთეს შედეგებს ერთობლივი მუხლჩაუხრელი შრომის ხარჯზე უნდა მივაღწიოთო.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.163952