გასულ კვირას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი შესარჩევი ეტაპი ჩააგრიხინა. სწორედაც რომ ”ჩააგრიხინა” და თან ისე, თბილისში ჯერ კიდევ შემორჩენილი, მოძველებული საბჭოური ავტომანქანები რომ ჩაიგრიხინებენ ხოლმე შუაღამით და ძილს გვიფრთხობენ. ჯგუფში მე-5 ადგილი დავიკავეთ და თუკი, თბილისში ხორვატიასთან გამართულ მატჩს არ ჩავთვლით, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მხოლოდ მატჩების ბოლო წუთებში წაგება-მოგებებით შეიძლება დაგვამახსოვრდეს. განსაკუთრებული თითქოს არაფერი მომხდარა. კახეთიდან მზე ისევ ძველებურად ამოიწვერება და შემოდგომას ისევ ზამთარი შეცვლის. ჯგუფურ ეტაპს ძველებურად დასძლევენ ხან ესტონეთის, ხან კი ლატვიის ნაკრებები. ჩვენ კი ზამთრობით ვისხდებით ბუხრის პირას, ძველებურად გავქექავთ ნაცარს და დაღლამდე ვიოცნებებთ. მერე მოვა მორიგი იმედიანი გაზაფხული. მოვიყვანთ ახალ მწვრთნელს, ავივსებით ახალი იმედებით, ვიმსჯელებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზე (მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა არ სჯობს კონტინენტურ პირველობას?!) ამოვიჩემებთ რომელიმე ფეხბურთელს და ან გავაფეტიშებთ, ანდა ყველა წარსულ მარცხს მას დავაბრალებთ, ერთ დღეს არ წავალთ სახინკლეში ხინკლის საჭმელად და დაზოგილი ფულით ჩვენი ნაკრების მორიგ თამაშს დავესწრებით. მატჩის წინ ქართული საინფორმაციო საშუალებები გვაჩვენებენ ქართველ პოლიტიკოსებს, მომღერლებს, მწერლებს, გაურკვეველი ხელობის “ცნობად სახეებს”, რომლებიც ზეაპყრობილ ხელებს მრავალმნიშვნელოვნად ააცახცახებენ და იტყვიან, რომ: ”დღეს უეჭველად უნდა მოვიგოთ”, ”ქართული ფეხბურთის ახალი ერა იწყება”, “ჩვენი დროც დადგა!” და მისთანებს... გაივსება სტადიონი, სახინკლეში დაზოგილი ფულით ბილეთების შემძენი ჩვენი საწყალი ხალხით. თუ გავიმარჯვეთ, ავბობოქრდებით, ავცელქდებით და მტვრიან ჩემოდნებს დავბერტყავთ მუნდიალზე გამგზავრების სამზადისში, თუ ფრე ვითამაშეთ, გავიხსენებთ ჩვენსავე მიერ მოკლული ერთი წესიერი მოხუცი კაცის სიტყვებს და ”აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენიაო” – ვიმღერებთ. ხოლო თუ დავმარცხდით, ”ღირსეული მარცხი” რა ჩვენი მოგონილი არ არის? “ღირსეულად დავმარცხდით! მსაჯებიც ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ და ქარმაც სწორედ მაშინ დაუბერა ჩვენი კარის მიმართულებით, როდესაც მეტოქის თავდამსხმელმა დაარტყა” – იტყვის რომელიმე გაურკვეველი სპეციალობის ”ცნობადი სახე” და ჩვენც გულდამშვიდებით დავიძინებთ თავის დროზე “საკომისიო მაღაზიაში” დიდი გაჭირვებით ნაყიდ ლურჯყვავილებიან სტავროპოლურ თეთრეულში. შემდეგ დღეებში ვიდრე მომავალ თამაშამდე, ვიქაქანებთ და ვიწუწუნებთ განვლილ მატჩზე. შევაგინებთ მსაჯსა და ჩვენს იღბალს, ქარსა და წვიმას, ამინდსა და განწყობას. ეს ჩვენ ვიცით! ეს ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ ეს ყველაზე კარგად გამოგვდის! აი ესტონელ ხალხს და ესტონეთის ნაკრებს კი...
რამდენიმე წლის წინათ, როდესაც გამუდმებული წარუმატებლობებით გატანჯულმა თბილისის დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე არც მეტი, არც ნაკლები - ცხვარი დაკლეს, ეს ფაქტი ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა როგორც რიგითი სახალისო ამბავი, ისე გააშუქეს და განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. მომავალი წარმატებების იმედად, სალოცავისთვის ცხვრის შეწირვის წესი, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ნაკლებადაა, ეს ქართველებში ფესვგადგმული, მეტად საინტერესო ტრადიციაა და არაფერია ცუდი იმაში, თუკი კაცს ცხვრის დაკვლა სურს. მაგრამ, ერთია როდესაც ცხვარს ათენგენობის დღესასწაულზე თუში მწყემსი, ანდა ლომისობაზე მთიული ხევისბერი კლავს და მეორეა, როდესაც ამას ფეხბურთელები და ზოგადად, ფეხბურთთან დაკავშირებული ადამიანები აკეთებენ. თან სად?! საწრთვნელ ბაზაზე! დიღმის ბაზაზე დაკლული ცხვრის ისტორია ძველი და მტვერწაყრილი ამბავია, მაგრამ როდესაც ჩვენი კლუბები თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები მორიგ მატჩში მარცხდებიან, ყოველთვის დიღომში თავმოჭრილი ჭედილა მახსენდება. როდესაც კონკრეტულ ფეხბურთელს და მთლიან გუნდს, არ სწამთ საკუთარი შესაძლებლობების, არ სჯერათ, რომ დიდი გამარჯვებები ხელეწიფებათ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ოდესმე რაიმე ხელშესახებს მიაღწევენ, არ იციან ის ნათელი ჭეშმარიტება, რომ ესპანეთის ნაკრებშიც და მარტვილის ”მერანშიც” ერთნაირი, ორხელიანი, ორფეხიანი და ორთვალიანი ადამიანები თამაშობენ და სურთ, რომ მათ ნაცვლად გამარჯვებები ბერდკრულმა ცხვარმა მოიტანოს, იქ ძნელია რაიმეს იმედი ჰქონდეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში ლეო მესი და ზინედინ ზიდანი არ თამაშობენ, მაგრამ იქ, სადაც საკუთარ თავზე მეტად თავმოჭრილი ცხვრის იმედი აქვთ, მეეჭვება, ლეო მესისაც კი რომ გამოსვლოდა რამე...
ლევან სეფისკვერაძე