ინტერვიუები

10:35 | 8.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

“თავდამსხმელ-მცველი” ჩიკვილაძე: “ქეცბაიამ გვითხრა, სლოვენიაში ვინც ვერ წამოხვალთ, უნდა გეწყინოთო”

გოლს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის წინა ტურში თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა, რობერტო კარლოსიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. ქუთაისის “ტორპედოს” მცველმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე 30-35 მეტრიდან გაისროლა და ცხინვალის ‘სპარტაკის” მეკარე სოსო გრიშიკაშვილი უშანსოდ დატოვა. თანაც, მნიშვნელოვანი გოლი იყო – მატჩი 1:0 დასრულდა.
საერთოდაც, ჩიკვილაძე ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მცველია, ძალიან სახიფათოა სტანდარტულებისას და როგორც თავად უთხრა “მსოფლიო სპორტს” ინტერვიუში, გოლების სიხშირე იმის “ბრალიცაა”, რომ ბავშვობაში თავდამსხმელი იყო.
რა დასამალია, ფეხბურთელები ხშირად ერიდებიან გულახდილ  საუბარს, თუმცა ჩიკვილაძე ბევრ თემას შეეხო.
- “სპარტაკთან” გატანილ გოლს კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევთ?
- ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. ჩვენს ჩემპიონატში ასე შორიდან გაეტანოს ვინმეს, არ მახსენდება. ჩემთვის ყველა გოლი საყვარელია, ისე კი, ადრეც გამიტანია ლამაზი ბურთები. მაგალითად, “ოლიმპში” რომ ვიყავი, “ბორჯომთან” მაკრატელათი შევაგდე.
- საკუთარ გოლებს თუ ითვლით? აწარმოებთ პირად სტატისტიკას?
- მამახსოვრდება. “ოლიმპში” ერთ სეზონში 8 გოლი შევაგდე, წინა სეზონის მეორე ნახევარი თბილისის “დინამოში” გავატარე და 7 ბურთი გავიტანე, “ტორპედოში” კი – 4. ამასთან, რაც “ტორპედოში” ვარ, ოთხჯერ მოვარტყი ბურთი ძელს, თორემ 8 გოლი მექნებოდა...
- მცველისთვის მშვენიერი შედეგია.
- შედეგიანობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბავშვობაში თავდამსხმელი ვიყავი. “ავაზაში” დავდიოდი და ხშირად ტურნირის ბომბარდირი ვხდებოდი. ეტყობა, ბავშვობიდან გადმომყვა “ჩვევა”, გოლის გატანა მეხერხება.
- თავდამსხმიდან დაცვაში როდის, ან რატომ დაგწიეს?
- “ავაზაში” სამ ასაკობრივ ჯგუფში ვთამაშობდი. ორგან თავდამსხმელი ვიყავი, ჩემზე უფროსებში კი დაცვაში მაყენებდნენ. რატომ დამწიეს დაცვაში? ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გვიან ავიყარე ტანი. ერთ ზაფხულს 15 სანტიმეტრით გავიზარდე. მოკლედ, ისე მოხდა, პროფესიული კარიერა მცველობით დავიწყე და ასეც გაგრძელდა.  
- ეს გოლები და კარგი თამაში თემურ ქეცბაიამაც დაგიფასათ. მართალია, სლოვენიის ნაკრებთან სათამაშოდ არ წაგიყვანათ, მაგრამ შეკრებაზე ჰყავდით გამოძახებული. ძალიან დაგწყდათ გული, სლოვენიაში რომ ვერ ითამაშეთ?
- ნაკრების გაფართოებულ სიაში გამოძახება და ვარჯიშიც სასიხარულო იყო. ქეცბაიამ გვითხრა, ყველანი ვერ წამოხვალთ სლოვენიაში და უნდა გეწყინოთ კიდეცო. თუ არ გეწყინებათ, ესე იგი, ფეხბურთელები არც ხართო. აი, ასე თქვა და 100 პროცენტით მართალიც იყო. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, სლოვენიაში წასაყვან შემადგენლობაში რომ ვერ მოვხვდი, მაგრამ ქეცბაიამ ისიც გვითხრა, თავი გამოიჩინეთ ჩემპიონატში და ნაკრების კარი ღია გექნებათო. საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელების მიწვევა კარგია და ეს სლოვენიაში დამტკიცდა კიდეც. ვითომ ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავდა, მაგრამ რა ძლიერ გუნდს მოვუგეთ...
- უცხოურ კლუბში არასოდეს გითამაშიათ, მაგრამ ერთხელ უკრაინაში, “ტავრიაში” იყავით გასინჯვაზე. რთულია საქართველოს ჩემპიონატიდან იქ მოხვედრა?
- რთული სხვა მხრივაა. ჯერ იმას ვიტყვი, რომ საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატებს შორის მთავარი განსხვავება ფულშია. “ტავრიაში” რომ ჩავედი, ჩვეულებრივი ფეხბურთელები დამხვდნენ და საქართველოს ჩემპიონატიდან ძალიან ბევრზე ვიტყვი, რომ მათ სჯობდნენ. ქართველები ფეხბურთში მართლაც ნიჭიერები ვართ, უბრალოდ, ინფრასტრუქტურით იმდენად ჩამოვრჩებით, ცა და დედამიწაა. უკრაინის მაგალითზე ვიტყვი – იქ იმხელა ფული ტრიალებს, იმის მეოთხედი ჩვენს ჩემპიონატში რომ იყოს, კარგი ჩემპიონატი გვექნებოდა. პირველ რიგში, რა მინდვრებზე ვთამაშობთ, ამას ხომ მინდორი არ ჰქვია. საქართველოში რომელ სტადიონზეღა დარჩა კარგი გაზონი? მაგალითად, კარგია, ქუთაისის სტადიონზე ტაბლო, გასახდელი და ტრიბუნები რომ კეთდება, მაგრამ პირველ რიგში, მინდორი უნდა გამოიცვალოს. არ იქნება კარგი საფარი? არ იქნება კარგი ფეხბურთიც. და ფეხბურთი რომ არ იქნება, გულშემატკივარიც არ მოვა სტადიონზე.
- ძნელი, არ დაგეთანხმოთ. ამიტომაცაა, თითქმის ყველას საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლაზე უჭირავს თვალი. ალბათ, თქვენც.
- კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგი ჩემპიონატი იქნებოდა, პირობები რომ იყოს. მაგალითად, ქართულ კლუბებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ლეგიონერებს სჯობნიან, მაგრამ ის ლეგიონერი მაინც შენზე წინ დგას. იმიტომ, რომ მეტი ყურადღება ექცევა მის თამაშს. ჩვენი ჩემპიონატის 5 წამყვანი გუნდის ფეხბურთელების 60-70 პროცენტი თავისუფლად ითამაშებდა საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატებში.
- ანუ, თვლით, რომ ფეხბურთელის აქედან წასვლაა რთული, რადგან საქართველოს ჩემპიონატით ვერავის დააინტერესებ?
- დიახ. როგორ უნდა დააინტერესო, როცა უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან სამი, ფაქტობრივად, დაშლილია. ეს ფაქტორია, თორემ მერწმუნეთ, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი სჯობია ლეგიონერს.
- რას ნიშნავს თქვენთვის გულშემატკივარი? იმიტომ გეკითხებით, ქუთაისში ტრიბუნებზე სიცარიელე არაა...
- ძალიან ბევრს ნიშნავს, გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. აბა, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, ინგლისის პრემიერლიგაში ფეხბურთელი თამაშისას გაჩერდეს. გულშემატკივრების წინ ვერ გაჩერდები. “ქართული სპორტის ქომაგები” რომ ჩამოყალიბდა, ძალიან კარგია. აი, ახლაც “დინამო”-“ტორპედოს” თამაშზე აპირებენ მოსვლას და თავად გადაწყვეტენ, ვინ რომელ კლუბს უქომაგებს. მთავარია, სტადიონზე მოვიდნენ. ჩემთვის მაშინაც დიდი სტიმულია, როცა გულშემატკივარი მეტოქეს ქომაგობს. მთავარია, აჟიოტაჟი იყოს ტრიბუნებზე.     
- “ტორპედოს” მიზნებზეც ვთქვათ.
- სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, ამდენად, ზამთრის შესვენებაზე მეოთხე-მეხუთე ადგილით თუ გავალთ და თასის ნახევარფინალის საგზურსაც მოვიპოვებთ, მშვენიერი იქნება. ანუ, მიზანი ევროტურნირებზე გასვლაა და თუ ზამთარში საქართველოს ჩემპიონატიდან ოთხ-ხუთ ფეხბურთელი შემოგვიერთდება (ლეგიონერებზე აღარ ვლაპარაკობ), ევროტურნირებზე აუცილებლად გავალთ - ამაში ეჭვი არ მეპარება.  

 

ილია ნანობაშვილი
 

0.114566