ჩოგბურთი

17:19 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი 38 ადგილით დაწინაურდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლით 78 სარეიტინგო ქულა შეიმატა, რისი წყალობითაც ჯამში 317 ქულა მოუგროვდა და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 227-ე ადგილიდან 189-მდე აღზევდა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ტატიშვილმა ალბუკერკიდან ლას ვეგასში გადაინაცვლა და მიმდინარე კვირაში Party Rock Open-ში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია. ქართველი გოგონა სავარაუდოდ მე-2 ნომრად იქნება განთესილი.

განახლებულ რეიტინგში ტატიშვილის გარდა 5 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა: 238 (233). სოფო შაფათავა – 230 ქულა; 268 (265). ოქსანა კალაშნიკოვა – 196; 478 (435). მაკა ჩახნაშვილი – 72; 559 (558). ეკატერინე გორგოძე – 52; 644 (643). სოფო ქვაცაბაია – 35;

ამ დღეებში ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა თელავშია შეკრებილი, სადაც ასევე 50-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ბადეში ერთბაშად 10 მასპინძელი ჩაება, რომელთა უმეტესობამ წარუმატებლად ითამაშა.

შეჯიბრს უკვე გამოეთიშნენ ბაბილინა მაჩაიძე, ესტერ სარკისიანი, ანა ჯიქია, ანა ქადაგიძე, მარგალიტა ჭიჭაშვილი, კლეოპატრა ქარუმაშვილი და შორენა ტატელიშვილი. ბრძოლას ჯერაც აგრძელებენ თინათინ ყავლაშვილი, ლანა როსტიაშვილი და მარიამ გოგელაშვილი.

თელავის ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ არიან დაშვებულნი სოფო შაფათავა, მაკა ჩახნაშვილი, სოფო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე, თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე. ამათაგან, საკუთარი რეიტინგის წყალობით ბადეში მხოლოდ შაფათავა (მე-8 განთესვა) და ჩახნაშვილი მოხვდნენ, დანარჩენებს კი “უაილდ ქარდები” ერგოთ.

უკვე ცნობილია, რომ პირველ რაუნდში შაფათავა პოლონელ კატარჟინა კავას ეთამაშება, ჩახნაშვილი მე-2 განთესვის მქონე ალეკსანდრა პანოვას (რუსეთი), ბოლქვაძე – მაშა ზეჩ-პესკირიჩს (სლოვენია), ქვაცაბაია – ოლგა სავჩუკს (უკრაინა), გორგოძე – მისა ეგუჩის (იაპონია), ხოლო ჭალაგანიძე – ირინა ხრომაჩევას (რუსეთი, მე-6 განთესვა).

წყვილებში გორგოძე და შაფათავა უკრაინელ ფომინას და გერმანელ შაკოვეცს (მე-4) გაეჯიბრებიან, ჩახნაშვილი და ქვაცაბაია პოლონელი კავას და რუსი ლაზარევას პირისპირ დადგებიან, ბოლქვაძე და ჭალაგანიძე გერმანელი ზაიას და სლოვენიელი ზეჩ-პესკირიჩის დამარცხებას ეცდებიან, ხოლო მაჩაიძე და ჭიჭაშვილი ძალებს რუს დოროშინასთან და ბრაზილიელ პიგოსისთან მოსინჯავენ.

დასასრულ ოქსანა კალაშნიკოვაზეც ვთქვათ, რომელმაც ჩინურ ნინგბოში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ერთეულთა საკვალიფიკაციო ბადე ვერ დასძლია, წყვილებში კი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი. სამშაბათს, პირველ წრეში ოქსანა და ირინა პოლონელ კატარჟინა პიტერს და უკრაინელ იულია ბეიგელციმერს ეთამაშებიან.

სხვათა შორის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ კალაშნიკოვას გააჩნია. იგი 1675 ქულით 51-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო ტატიშვილს 1020 ქულა მოუგროვდა, 8 პოზიციით დაწინაურდა და მე-80 საფეხურზე დამკვიდრდა.

0.122593