ჩოგბურთი

22:16 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა სერენა სამჯერ დააბრეიკა, თუმცა...

შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) მერვედფინალში ანა ტატიშვილი პირველ ნომრად განთესილ სერენა უილიამსს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა – 2:6, 3:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ვარსკვლავის მოწოდების მოგება სამჯერ მოახერხა, თუმცა, საკუთარ მოწოდებაზე ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

ტატიშვილი ბასტადში რჩება და ხვალ წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. ანა უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან გახლავთ შეამხანაგებული და იტალიურ-რუმინულ (პენეტა-დულგერუ) დუეტს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, რომ წარმატების შემთხვევაში, ტატიშვილი და ბურიაჩოკი ნახევარფინალში ესპანელებს – არუაბარენას და დომინგეს ლინოს ეთამაშებიან.

გერმანიის ქალაქ დარმშტადტში ქართველი ჩოგბურთელები არ გაახარა რუსმა იანა სიზიკოვამ. მან პირველ წრეში სოფო ქვაცაბაიას 7:5, 2:6, 7:6 (7:3) სძლია, მერვედფინალში კი ეკატერინე გორგოძე 4:6, 6:4, 6:2 დაამარცხა. ცნობისთვის, პირველ წრეში გორგოძემ მე-2 ნომრად განთესილი ბელარუსი ალიაკსანდრა სასნოვიჩი 6:1, 6:4 დაამარცხა.

წყვილებში ქართველი გოგონები მე-4 განთესვით ასპარეზობენ და ჯერჯერობით, წინ მიწევენ. საწყის რაუნდში გორგოძე და ქვაცაბაია ჰოლანდიურ-გერმანულ დუეტთან (ბურგერი-ჰოფმანი) 4:6, 3:3 მარცხდებოდნენ, როდესაც ერთ-ერთი მეტოქის ტრავმის გამო, თამაში აღარ გაგრძელებულა.

მეოთხედფინალში ქართველებმა გერმანელ ჰეისენს და სლოვენიელ პრისლანს 6:4, 6:3 სძლიეს, ნახევარფინალში კი პირველი განთესვის მქონე გერმანელ შაკოვეცს და სლოვენიელ ზეჩ-პესკირიჩს გაეჯიბრებიან.

0.112761