ჩოგბურთი

16:16 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა მხოლოდ ერთი სეტი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ინდიან ველსის პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 5 946 740 დოლარი) პირველივე მატჩი წააგო.

საკვალიფიკაციო ბადის საწყის შეხვედრაში ტატიშვილი მე-4 ნომრად განთესილ ამერიკელ კეისი დელაკუას დაუპირისპირდა და 3:6, 6:4, 1:6 დამარცხდა.

ამერიკულსავე გეუნსვილში 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში მე-2 შეხვედრა ჩაატარა და მასპინძელ ერიკა ოოსტერჰუტთან 1:6, 0:6 წააგო მე-11 განთესვის მქონე თამარ ჭალაგანიძემ.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან შეჯიბრში ერთბაშად 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება და მათგან ორმა საწყისი რაუნდის დაძლევა შესძლო.

ალექსანდრე მეტრეველმა რუსი კირილ დმიტრიევი 6:2, 4:6, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში მე-3 განთესვის მქონე ყაზახ ევგენი კოროლიოვს ეთამაშება.

მე-7 რეიტინგით მოასპარეზე რუს ანდრეი რუბლევთან ჭიდილი ელის გიორგი ჯავახიშვილს, რომელმაც გზიდან ფრანგი ალექსანდრე დავიდი ჩამოიცილა – 6:0, 6:2.

რაც შეეხება გიორგი ცივაძეს, რომელიც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, იგი ბელარუს იარასლაუ შილასთან 3:6, 5:7 დამარცხდა.

წყვილებში ცივაძემ უზბეკმა შოფაიზიევმა მე-3 განთესვის მქონე რუსულ-ყაზახურ დუეტს (დმიტრიევი-ხაბიბულინი) 4:6, 7:6 (7:1), 10:8 მოუგეს და მეოთხედფინალში მეტრეველს და ყაზახ იევსეევს ეთამაშებიან. მათ ჯავახიშვილს და რუს ჩერვიაკოვს 6:3, 4:6, 11:9 სძლიეს.

0.114861