ანა ტატიშვილმა და რუსმა ნინა ბრატჩიკოვამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა, მთავარი პრიზის მოგება კი ვეღარ შესძლეს.
ქართულ-რუსულმა წყვილმა ნახევარფინალში ავსტრიელ კლემენშიცს და სლოვენიელ კლეპაჩს 6:1, 6:2 სძლია, ფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ჩეხურ დუეტს (ჰლავაჩკოვა-ჰრადეჩკა) სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 4:6, 1:6.
ანამ და ნინამ ბუდაპეშტური წარმატების წყალობით, რეიტინგს 200-200 ქულა შემატეს.
უკვე ცნობილია, რომ მომავალ კვირაში ტატიშვილი შვედეთის ქალაქ ბასტადის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც ასევე 235 ათასი დოლარია.
ერთეულთა თანრიგის პირველ რაუნდში ანას მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე 16 წლის შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ სერენ უილიამსს და ბულგარელ სესილ კარატანჩევას შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
წყვილებში ტატიშვილი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მე-4 ნომრად გახლავთ განთესილი და საწყის წრეში ძალებს ლატვიურ-ბრიტანულ დუეტთან (მარცინკევიჩა-სლეიტერი) მოსინჯავს.
ბასტადის ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას კვალიფიკაციიდან ცდილობდა მაკა ჩახნაშვილი, თუმცა, პირველივე რაუნდში ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან 1:6, 1:6 დამარცხდა.
გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში გამართულ 25-ათასიან ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და ჯამში 5 მატჩი მოიგო, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან 1:6, 0:6 დამარცხდა.