ჩოგბურთი

17:15 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა 227-ე ადგილზე გადაინაცვლა

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ მსოფლიოს 50-ე ჩოგანი გახლდათ, ბოლოდროინდელმა წარუმატებელმა თამაშმა ძალიან აზარალა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს 240 ქულა შერჩა და 194-ედან 227-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამგვარად, ტატიშვილი მხოლოდ 10 ქულით და 6 პოზიციითღა უსწრებს სოფო შაფათავას, რომელსაც განახლებულ კლასიფიკაციაში 233-ე საფეხური უკავია. ანას და სოფოს გარდა, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში კიდევ 4 ქართველი გოგონაა: 265 (275). ოქსანა კალაშნიკოვა – 196 ქულა; 435 (434). მაკა ჩახნაშვილი – 85; 558 (581). ეკატერინე გორგოძე – 52; 643 (606). სოფო ქვაცაბაია – 35;

წყვილთა კლასიფიკაციაში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი კალაშნიკოვას აქვს, რომელიც 1675 ქულით 51-ე ადგილზეა. ტატიშვილს 975 ქულით 88-ე პოზიცია უკავია, ხოლო შაფათავა 272 ქულით მსოფლიოს 237-ე ჩოგანია.

მიმდინარე კვირაში ქართველთ ჩოგბურთელთა უმეტესობა ბათუმში შეიკრიბა, სადაც ქალთა 25-ათასიანი ტურნირი იმართება. ძირითად ბადეში 4 მასპინძელი მოხვდა და მათგან სამს “უაილდ ქარდი” ერგო: მაკა ჩახნაშვილი გერმანელ ანა ზაიას ეთამაშება, სოფო ქვაცაბაია – მე-5 ნომრად განთესილ ბელარუს ილონა კრემენს, ხოლო ეკატერინე გორგოძე – რუს მარგალიტა ლაზარევას.

ძირითად ბადეში საკუთარი რეიტინგის წყალობით ითამაშებს სოფო შაფათავა, რომელის პირველი მეტოქის ვინაობაც საკვალიფიკაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა. ცნობისთვის, კვალიფიკაციაში ერთბაშად 8 ქართველი ჩაება, თუმცა, ყველა მათგანმა მარცხი განიცადა.

წარუმატებლად კლეოპატრა ქარუმაშვილმა, მარიამ ბოლქვაძემ, მარიამ გოგელაშვილმა, თამარ ჭალაგანიძემ, ლანა როსტიაშვილმა, ბაბილინა მაჩაიძემ, ანა ქადაგიძემ და თინათინ ყავლაშვილმა ითამაშეს.

0.122522