ჩოგბურთი

1:23 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის ფლორიდული ტიტული

ანა ტატიშვილმა 2014 წელს პირველი ტიტული მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი ფლორიდაში დეიტონა ბიჩის 25-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა.

ტატიშვილი საწყის რაუნდში ბულგარელ დია ევტიმოვას 5:0-ს უგებდა, როდესაც მისმა მეტოქემ თამაში შეწყვიტა, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ამერიკელებს – ეიჟა მუჰამადს და ტეილორ ტაუნსენდს, შესაბამისად, 6:0, 6:4 და 7:5, 6:1 სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ კაიტლინ სიეგემუნდს მოუგო – 2:6, 6:3, 6:2.

ფინალში ანას მეტოქე მე-4 განთესვის მქონე ამერიკელი ელი კიკი იყო, რომელმაც გზიდან უნგრელი რეკ-ლუკა იანი, სერბი ტეოდორა მირჩიჩი, კანადელი სტეფანი დიუბუა (მე-6) და რუმინელი კრისტინა დინუ (მე-8) ჩამოიცილა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ფინალის შესაბამისი ბრძოლა არ შედგა. საქართველოს პირველი ჩოგანი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო – 6:1, 6:3.

ანა 1 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ჯამში კი მეტოქეზე 26-ით მეტი გათამაშება (58:32) მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი ძალიან კონცეტრირებული იყო და 8 ბრეიკ-პოინტიდან 7 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო.

დეიტონა ბიჩის ტურნირის მოგების წყალობით, ტატიშვილმა მარაგს 50 ქულა შემატა, რომელიც სავარაუდოდ მომავალ რეიტინგში დაემატება, ორშაბათის კლასიფიკაციაში კი იგი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლით გამომუშავებულ ქულებს მიიღებს და 534 ქულით 126-ედან 118-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

0.15156