ჩოგბურთი

14:50 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ინდიან ველსში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი აშშ-ში ინდიან ველსში იმყოფება და პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ეცდება, რომლის საპრიზო ფონდიც 5 946 740 დოლარია.

BNP PARIBAS OPEN-ის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ რაუნდში ტატიშვილის მეტოქე მე-4 განთესვის მქონე ავსტრალიელი კეისი დელაკუა იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ხორვატ პეტრა მარტიჩს და ბრიტანელ იოჰანა კონტას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ძირითად ბადეში გასასვლელად სწორედ 2 მატჩის მოგებაა საჭირო, კვალიფიკაციის გამარჯვებულები კი 30 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

ტატიშვილის და დელაკუას შეხვედრა გვიან ღამით დაიწყება.

ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 3 ადგილით დაწინაურდა და 554 ქულით 111-ე პოზიციაზე იმყოფება.

ტატიშვილის გარდა, განახლებულ კლასიფიკაციაში 7 ქართველია: 224 (207). სოფო შაფათავა – 263 ქულა; 316 (313). ოქსანა კალაშნიკოვა – 143; 396 (400). ეკატერინე გორგოძე – 102; 449 (453). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი 81; 747 (763). სოფო ქვაცაბაია – 26; 1185 (1186). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1233 (1236). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ისევ ანტალიაში იმყოფებიან და მორიგ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებენ.

ამერიკულ გეინსვილში 10-ათასიან ტურნირზე პირველი საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო თამარ ჭალაგანიძემ. მე-11 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ ფლავია პორუს 3:6, 6:4, 6:3 სძლია და მომდევნო რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ერიკა ოოსტერჰუტს დაუპირისპირდება.

ყაზახეთის ქალაქ ასტანაში 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში რუს იანა პერშინასთან 3:6, 1:6 წააგო ბაბილინა მაჩაიძემ.

ასტანაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მე-2 განთესვის მქონე გიორგი ცივაძე ბელარუს ანტონ დუბროვთან 6:4, 1:6, 3:6 დამარცხდა.

ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ჯავახიშვილი, რომელთა მეტოქეთა ვინაობაც კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

წყვილებში ცივაძე და უზბეკი შოფაიზიევი რუს დმიტრიევს და ყაზახ ხაბიბულინს გაეჯიბრებიან, ხოლო მეტრეველი და ყაზახი იევსეევი ძალებს ჯავახიშვილთან და რუს ჩერვიაკოვთან მოსინჯავენ.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 5 ქართველი ჩოგბურთელია: 310 (312). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 145 ქულა; 940 (941). ალექსანდრე მეტრეველი – 13; 1441 (1439). გიორგი ჯავახიშვილი – 3; 1654 (1648). გიორგი ცივაძე – 2; 2110 (2105). მიხეილ ხმიადაშვილი – 1;

0.123905