ალბუკერკის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ფინალში ქართველი ანა ტატიშვილი ამერიკელ შელბი როჯერსს დაუპირისპირდა და 2:6, 3:6 წააგო. შეგახსენებთ, რომ გასული ტურნირის ფინალისტობისთვის 78 ქულა იყო გათვალისწინებული, ამჟამად კი, ანას 240 ქულა აქვს და რეიტინგში 227-ე ადგილზე იმყოფება.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ტატიშვილის და ამერიკელი ირინა ფალკონის პირველ ნომრად განთესილი დუეტი ამერიკელების – მელანი ოუდინის და ტეილორ თაუნსენდის ტანდემთან 6:4, 2:6, 9:11 დამარცხდა.
ალბუკერკიდან ტატიშვილი ლას ვეგასში გაემგზავრება და 50-ათასიან ტურნირში, სავარაუდოდ, მე-2 განთესვით ჩაებმება. პირველ ნომრად ამერიკელი მარია სანჩესია მიჩნეული, რომელსაც ანამ ალბუკერკის პირველობის საწყის რაუნდში მოუგო.
ამასობაში, ჩინურ ნინგბოში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 125 ათასი დოლარია. საკვალიფიკაციო ბადეში ოქსანა კალაშნიკოვამ მე-7 ნომრად განთესილ სერბ იოვანა იაკსიჩს 2:6, 6:4, 7:6 (7:3) სძლია, თუმცა, გადამწყვეტ რაუნდში ჰოლანდიელ რეიჩელ ჰოგენკამპთან 1:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილებში კალაშნიკოვა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი მე-4 ნომრად არიან განთესილნი და საწყის წრეში უკრაინელვე იულია ბეიგელციმერს და პოლონელ კატარჟინა პიტერს გაეჯიბრებიან.