ჩოგბურთი

16:45 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი დედაქალაქშია

კალაშნიკოვა რეიტინგის ორმოცდაათეულს უახლოვდება

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში იმყოფება და ხვალიდან “სიტი ოუფენში” ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 235 ათასი დოლარია.

ერთეულთა ტურნირის საწყის ბადეში ანა ფრანგ კაროლინ გარსიას ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი მე-3 ნომრად განთესილ რუს ეკატერინა მაკაროვას და კანადელ ეუჟინ ბუშარს შორის უმჯობეს გაეჯიბრება.

წყვილებში ტატიშვილი და ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი მე-3 რეიტინგით ჩაებმებიან და საწყის რაუნდში გერმანელ მონა ბარტელთან და ფრან ალიზ კორნესთან დაპირისპირება მოუწევთ.

უკრაინის ქალაქ დონეცკში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც 75-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-6 ნომრად მიჩნეულ ჩეხ კრისტინა პლისკოვას ეთამაშება. წყვილთა პირველობაზე შაფათავა და უკრაინელი ალიონა ფომინა მე-2 რეიტინგის მქონე უკრაინულ-ჩეხურ დუეტს (ბეიგელციმერი-ვორაცოვა) გაეჯიბრებიან.

გერმანულ ბად საულგაუში 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მე-16 განთესვა გააჩნია ეკატერინე გორგოძეს, რომელიც პირველ შეხვედრას მასპინძელი კაროლინ უებელჰოერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

თურქეთში, იზმირის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობს თამარ ჭალაგანიძე. მან საწყის მატჩში ესტონელ ანელი პოკრასს 6;2, 6:3 მოუგო და ახლა, ავსტრალიელ პამელა ბოიანოვთან შერკინება ელის.

ამასობაში, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ტატიშვილმა მინიმალური წინსვლა განიცადა და 678 ქულით 95-დან 94-ე ადგილზე აღმოჩნდა. სულ კლასიფიკაციაში 7 ქართველი ჩოგბურთელია:

94 (95). ანა ტატიშვილი – 678 ქულა; 288 (228). სოფო შაფათავა – 166; 298 (310). ოქსანა კალაშნიკოვა – 160; 435 (433). მაკა ჩახნაშვილი – 83; 486 (495). ეკატერინე გორგოძე – 71; 575 (577). სოფო ქვაცაბაია – 48; 864 (865). ნათია გეგია – 16;

წყვილთა რეიტინგში მოწინავე 50-ეულს უახლოვდება ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინებულ შედეგებს აჩვენებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ოქსანამ ბაქოს 235-ათასიანი ტურნირი მოიგო, რისი წყალობითაც 1500 ქულა მოაგროვა და 66-დან 58-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. წყვილებში ასეულში შეაღწია ტატიშვილმაც, რომელიც 905 ქულით 99-ე ადგილზეა, შაფათავას კი 276 ქულით 237-ე საფეხური უკავია.

0.111626