ჩოგბურთი

16:34 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი და კალაშნიკოვა ბაქოს ტურნირზე

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო საჩოგბურთო ტურნირმა Baku Cup 2013, რომლის საპრიზო ფონდიც 235 ათასი დოლარია, დირექტორი კი ლეილა მესხი გახლავთ.

კვირას შეჯიბრში საკვალიფიკაციო ბადეში დაშვებული გოგონები ჩაებნენ. მათ შორის იყვნენ ქართველები – მე-11 რეიტინგის მქონე ოქსანა კალაშნიკოვა და “უაილდ ქარდის” მქონე თამარ ჭალაგანიძეც, რომლებიც პირველივე რაუნდში ერთამენთს გადაეყარნენ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამოცდილმა კალაშნიკოვამ 17 წლის თანამემამულეს შანსი არ დაუტოვა და 51 წუთში 6:0, 6:0 გაანადგურა. ისიც სათქმელია, რომ თამარმა ოქსანას მოწოდებაზე მხოლოდ 3 (!) გათამაშება მოიგო.

კალაშნიკოვას მორიგი მეტოქე უკრაინის სახელით მოთამაშე ოლეკსანდრა კორაშვილი იქნება, რომელმაც საწყის შეხვედრაში მე-5 ნომრად განთესილი თანამემამულე ვალენტინა ივახნენკო 3:6, 6:2, 6:1 დაამარცხა.

თუკი ოქსანამ ოლეკსანდრასაც აჯობა, ძირითად ბადეში გააღწევს, სადაც მეტოქედ ამერიკელი ჯულია კოენი, ბერძენი ელენი დანილიდუ ანაც ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ეყოლება.

პირდაპირ ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელიც იტალიელ ნასტასია ბარნეტს ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მე-7 ნომრად განთესილ ელინა სვიტოლინას (უკრაინა) და ალეკსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილებში მე-2 რეიტინგის მქონე კალაშნიკოვა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი რუმინელ კადანტუს და ესპანელ ფერერ სუარესს ეთამაშებიან, ტატიშვილი და სერბი ვესნა დოლონცი უზბეკ შარიპოვას და აზერბაიჯანელ ფარჰადს დაუპირისპირდებიან, ხოლო ჭალაგანიძე და აზერბაიჯანელი ნაზრინ ჯაფაროვა ძალებს ბელარუს კრემენთან და რუს მელნიკოვასთან სცდიან.

0.14281