ჩოგბურთი

17:34 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბუდაპეშტში შარშანდელი გამეორებას ეცდება

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ანა ტატიშვილმა 23 პოზიცია დაკარგა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ ასეულს მიღმა აღმოჩნდა. ახლა, ანას აქტივში 649 ქულაა და იგი 101-ე ადგილზე იმყოფება.

სამაგიეროდ, კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას სოფო შაფათავას, რომელიც 260 ქულით 216-ე საფეხურზე დამკვიდრდა და უწინდელი მიღწევა 20 ადგილით გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ტატიშვილმა და შაფათავამ გერმანულ ვერსმოლდში 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშება მოიგეს, რაც მათ რეიტინგზე დადებითად აისახა. წყვილებში ანა 126-ეა, სოფო – 248-ე, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ოქსანა კალაშნიკოვას გააჩნია, რომელმაც 1440 ქულით 62-ე პოზიციას უწია.

101 (78). ანა ტატიშვილი – 649 ქულა; 216 (236). სოფო შაფათავა – 260; 320 (313). ოქსანა კალაშნიკოვა – 137; 443 (414). მაკა ჩახნაშვილი – 76; 566 (491). სოფო ქვაცაბაია – 49; 618 (609). ეკატერინე გორგოძე – 41; 854 (841). ნათია გეგია – 17;

ტატიშვილი ამჟამად უნგრეთში იმყოფება და ბუდაპეშტის გრან-პრიზე, რომლის საპრიზო ფონდიც 235 ათასი დოლარია, ძირითად ბადეში ითამაშებს.

შარშან ეს ტურნირი აპრილ-მაისის მიჯნაზე გაიმართა და ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ანამ მე-3 ნომრად განთესილი ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა 1:6, 6:3, 6:1 დაამარცხა, შემდეგ უნგრელ ვანდა ლუკაჩს 6:1, 6:2 სძლია, კანადელ ალეკსანდრა ვოზნიაკს კი 5:7, 7:6 (7:4), 6:4 მოუგო. ნახევარფინალში ტატიშვილი მომავალ გამარჯვებულ იტალიელ სარა ერანის გადაეყარა და 2:6, 1:6 დამარცხდა. შედეგად, ანამ 130 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ იმავე ტურნირზე ტატიშვილი უნგრელ კატალინ მაროსისთან გახლდათ შეამხანაგებული და წყვილებშიც ნახევარფინალში ითამაშა, სადაც ასევე მომავალ ჩემპიონებთან – სლოვაკურ დუეტთან (ჰუსაროვა-რიბარიკოვა) 6:7 (3:7), 6:2, 6:10 დამარცხდა. აღნიშნულის წყალობით, ქართველმა გოგონამ წყვილთა კლასიფიკაციას აგრეთვე 130 ქულა შემატა.

წლეულს, ტატიშვილი მე-8 ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ რაუნდში მასპინძელი რეკა-ლუკა იანის სახით არცთუ ძლიერი მეტოქე ელის. უნგრელი ჩოგბურთელი თბილისის ტურნირების ხშირი სტუმარი გახლდათ, ბუდაპეშტის ტურნირზე კი “უაილდ ქარდით” არის მიწვეული. იანის WTA-ს რეიტინგში 312-ე ადგილი უკავია, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, ანა ებრაელ შაჰარ პეერს და შვეიცარიელ ქსენია კნოლს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მხოლოდ 8 დუეტი მოგროვდა, ამდენად, შეჯიბრი პირდაპირ მეოთხედფინალიდან იწყება. ტატიშვილი და რუსი ანა ბრატჩიკოვა პირველ მატჩში “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელებს – აგნეშ ბუკტას და იმავე რეკა-ლუკა იანის ეთამაშებიან, ამდენად, ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვთ.

WTA-ს ეგიდით კიდევ ერთი 235-ათასიანი ტურნირი ტარდება იტალიის ქალაქ პალერმოში, სადაც ძალებს მაკა ჩახნაშვილი სცდიდა. XXVI Italiacom Open-ის საკვალიფიკაციო ბადის პირველ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი სერბ ტეოდორა მირჩიჩს დაუპირისპირდა და 0:6, 5:7 წააგო.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში იმყოფება სოფო შაფათავა, რომელიც 100 ათასიან Open GDF Suez de Biarritz-ში ჩაერთო. ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ ლაურა ტორპეს ეთამაშა და 2:6, 1:6 დამარცხდა. წყვილებში სოფო და ბულგარელი ალეკსანდრა ნაიდენოვა მე-4 განთევის მქონე უკრაინელებს – ბეიგელციმერს და სავჩუკს უნდა დაუპირისპირდნენ.

თურქულ სტამბულში სტარტი აიღო 25-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც წარმატებულად ჩაერთო ოქსანა კალაშნიკოვა. მან მასპინძელი იპეკ სოილუ 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილ ზლოჩოვას (სლოვაკეთი) და ბოუტელს (ირლანდია) შორის უმჯობესს ეთამაშება.

სტამბულშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია გიორგი ცივაძემ. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სინან ტუნას 6:2, 6:2 მოუგო, შემდეგ კი ფრანგ ალექსანდრ დავიდსაც იოლად აჯობა – 6:1, 6:4. მიხეილ ხმიადაშვილი პირველივე შეხვედრაში ავსტრალიელ დამიან ფარინოლასთან 6:7 (8:10), 6:2, 3:6 დამარცხდა. ძირითად ბადეში ცივაძის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. იქვე იასპარეზებს ძირითადში პირდაპირ დაშვებული ალექსანდრე მეტრეველიც.

გარკვეული პაუზის შემდეგ, კორტს დაუბრუნდა ეკატერინე გორგოძე, რომელიც განახლებულ რეიტინგში უკვე 618-ე ადგილზე იმყოფება. გორგოძე გერმანიაში იმყოფება და აშაფენბურგის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს.

ეკატერინე კვალიფიკაციაში მე-10 ნომრად გახლდათ განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი გერმანელ ტაისია მორდერგერს 6:3, 6:4 სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი გოგონა კიდევ ერთ მასპინძელ – ლაურა შაედერს (მე-7 განთესვა) გაეჯიბრება.

დასასრულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე ვთქვათ, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში 152 ქულით 295-ე ადგილზე იმყოფება. ქართველი ჩოგბურთელი სტამბულის ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) ძირითად ბადეში უნგრელ მარტონ ფუჩსოვიჩთან 1:6, 5:7 დამარცხდა. PTT Cup Istanbul-ის წყვილთა გათამაშებაში ბასილაშვილი და თურქი ტუნა ალტუნა რუსეთის სახელით მოთამაშე თეიმურაზ გაბაშვილს და ბელგიელ დევიდ გოფინს ეთამაშებიან.

0.114709