ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების მერვედფინალისტი ანა ტატიშვილი წლევანდელი გათამაშების პირველსავე სტადიაზე სერბ სეხნია ივანოვიჩთან უშანსოდ 2:6, 0:6 დამარცხდა და კლასიფიკაციაში დაქვეითება ელის. ტატიშვილი სადღეისოდ 115-ე ადგილზეა, ბალკანელთან დღევანდელი მარცხის შემდეგ 280 სარეიტინგო ქულა დააკლდება და ერთბაშად რამდენიმე საფეხურით უკან დაიხევს.
შეგახსენებთ, შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე ანა ტატიშვილმა ჯერ ფრანგ სტეფანი ფორეც-გაკონს 6:2, 6:0 მოუგო, შემდეგ რუმინელ სარანა კირსტეას 6:7, 6:1, 6:2 სძლია, არც ლუქსემბურგელი მანდი მინელა დაინდო (7:5, 6:0), მერვედფინალში კი მომავალ ფინალისტ ვიკტორია აზარენკასთან 2:6, 2:6 დამარცხდა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ტატიშვილი კარიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა ივანოვიჩს და ქართულ-სერბული პირველი დაპირისპირება ბალკანელმა 6:1, 6:0 მოიგო. აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში ტურნირზე 14-ე ნომრად განთესილი ივანოვიჩი რუს ალისა კლეიბანოვას შეხვდება.