ინტერვიუები

11:23 | 28.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

“ტატანა” ჩეხეთის ტურის ფეხბურთელია: “აქ მსიამოვნებს და ეგებ, დავრჩე კიდეც”

გასულ უქმეებზე ევროპაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიდან დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა ყველაზე ფასეული გოლი: ჩეხეთის გამბრინუს ლიგაში “კლადნომ” სწორედ “ტატანას” ერთადერთი გოლით სძლია “სლოვაცკოს”, რითაც ბოლოდან მესამე ადგილზე ადგილზე აინაცვლა და გასავარდნ ზონაში “სლოვაცკო” დატოვა. 26 წლის ტატანაშვილისთვის ეს სეზონში მეოთხე გოლი გამოდგა, მაგრამ ოთხივე ისეთი შეაგდო, “ოქროს ფასი” რომ აქვს.
ამასთან, თბილისის “ამერის” ყოფილი ბომბარდირი ჩეხურმა სპორტ- მა გამბრინუს ლიგის  ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მთლიანობაში კი, ათი ჩეხური სპორტული გამოცემიდან ცხრამ, დიმიტრი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
“მსოფლიო სპორტი” ტატანაშვილს ჩეხეთში დაუკავშირდა:
დიმიტრი ტატანაშვილი: “სლოვაცკოსთან” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა. რომ წაგვეგო, ფაქტობრივად, გავარდნილები ვიყავით. რთული მატჩები დაგვრჩა, მაგრამ “სლოვაცკოსთან” მოგებამ ხასიათზე მოიყვანა გუნდი. ერთი გუნდი (პრაღის “ბოჰემიანსი”) უკვე გავარდნილია, მას კი ან ჩვენ მივყვებით, ან “სლოვაცკო”, ანაც “ბუდეიოვიცე”.
- “სლოვაცკოსთან” შენი გოლი ვნახეთ. როგორ გაიხსენებ მაგ ეპიზოდს და კიდევ გქონდა გატანის შანსი?
- ჯარიმიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, იქ თანაგუნდელმა თავით დაარტყა და “სლოვაცკოს” მეკარე ცდილობდა მოგერიებას, მაგრამ ფეხით შევუცვალე ბურთს მიმართულება. ჩემმა თანაგუნდელმა კარგი შემორბენა გააკეთა და გატანაში დამეხმარა. ისე, მომენტები კიდევ მქონდა და მთლიანობაში, კარგად ვითამაშე.
- ორი ტურის წინ კიდევ ერთ კონკურენტს, “ბუდეიოვიცეს” გაუტანე გადამწყვეტი გოლი. გამოდის, რომ “კლადნოს” შენ ტოვებ გამბრინუს ლიგაში. ეს ნახევრად ხუმრობით...
- “კლადნოს” სულ 4 მატჩი აქვს მოგებული მინიმალური ანგარიშით და ოთხივეჯერ ჩემი გოლით. რაც ფაქტია, იმას ვამბობ. სამწუხაროდ, მეორე წრეს კარგ ფორმაში ვერ შევხვდი, რადგან ტრავმა მქონდა. სწორედ ამიტომაც მიწევდა შეცვლებზე თამაში.
- “პლზენს” ეკუთვნი და “კლადნოში” განათხოვრების ვადა ამ სეზონის ბოლოს გიმთავრდება. რას აპირებ?
- ჩეხეთის საშუალო დონის თითქმის ყველა გუნდია ჩემით დაინტერესებული. ანუ, “კლადნოზე” ძლიერ კლუბებზე მაქვს საუბარი. თუმცა ეს დაინტერესებაა და კონკრეტული წინადადება და მითუმეტეს, კონტრაქტი ჯერ არავის შემოუთავაზებია. სეზონი რომ მორჩება, ჯერ “პლზენში” დავბრუნდები და მერე ვნახოთ...
- ზამთარში გვითხარი, რომ “პლზენი” მაინცდამაინც არ მოგწონს...
- გუნდში სიტუაცია არ მომწონდა და რაღაც პრობლემები მქონდა. “პლზენის” მწვრთნელი არ მენდობოდა: წარმოიდგინეთ, შეკრებაზე ყველაზე ბევრი გოლი მე გამქონდა, მოვიდოდა ჩემპიონატი და სათადარიგოთა სკამზე მსვამდა.
- ახლაც ის მწვრთნელია “პლზენში”?
- ჯერჯერობით, კი. თუმცა “პლზენს” ევროპის ლიგაზე გასვლა სურს და თუ ეს ვერ შეძლეს, დიდი შანსია, მწვრთნელი შეცვალონ.
- მართალია, ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც - “კლადნო” თუ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, დარჩები გუნდში?
- არაა გამორიცხული. “პლზენისგან” განსხვავებით, აქ ყველა პატივს მცემს და გუნდური ატმოსფეროც გაცილებით სასიამოვნოა.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2007 წლის მერე არ გითამაშია. მზად თუ ხარ?
- როდესაც ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდა და თამაში მუდმივად არ მიწევდა, რა თქმა უნდა, ნაკრებში  არავინ დამიძახებდა. უახლოეს ტურებში “კლადნოს” ძლიერ გუნდებთან აქვს შეხვედრები და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ კარგად წარმოვჩინდე. დანარჩენი კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია – შანსი თუ მომეცემა, ძალიან გამიხარდება. ბოლო წლებია, ნაკრებიდან არავინ შემხმიანებია და რა თქმა უნდა, გული მწყდება.    

ილია ნანობაშვილი

 

0.12073