საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ულან ბატორის გრან პრის მეორე დღეს ორი მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. ქალთა ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ესტერ სტამმა კი ბრინჯაოს მედალთან ერთად 120 ქულაც მიითვალა.
დღეს მონღოლურ ტატამზე ქალთა და მამაკაცთა ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს დროშის ქვეშ სულ სამმა სპორტსმენმა იჭიდავა და მათგან წარუმატებლად მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი გამოვიდა – გრან პრის წინასწარი ეტაპიდანვე გამოეთიშა, მერვედფინალში სამხრეთკორეელ ვონ გი იანგთან სუფთად წაგებით.
იანგზე თანაგუნდელის ჯავრი ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალში იყარა – მეტოქეს ოთხ წუთში ყველა შეფასების ილეთი აუგროვა. ამ შეხვედრამდე ტატალაშვილმა თურქი ჰასან ვანლიოღლუ იპონით ჩამოიშორა, ხოლო ჩრდილოკორეელ ჰიონ ჰონგ კუკს შიდოებით აჯობა (3:1).
ფინალში ქართველი ძიუდოისტი გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლს, მსოფლიოს ჩემპიონსა (2009 წელს, 66 კილოგრამში) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ (2004 წელს, 60 კილოგრამში) ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს დაეჭიდა და ილეთის გარეშე, გაფრთხილებებით აჯობა (2:1).
ესტერ სტამმა ტურნირი იაპონელი რუი ტაკაჰაშის ძლევით გახსნა და მეოთხედფინალის საგზური ვაზარით მოიპოვა. იქ კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან თანაბარ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.
ბრინჯაოს ნახევარფინალში სტამმა ბრაზილიელი ნადია მერლი წუთნახევარში შებოჭა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ გულნოზა მატნიაზოვას საფინალო სირენამდე 38 წამით ადრე შესრულებული სუფთა გდებით სძლია.
ხვალ მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება. აქედან სამი კაცებში. საქართველოს ნაკრების სახელით კი საქმეში ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაერთვებიან.
ძიუდო
გრან პრი
ულან-ბატორი
4 ივლისი
კაცები
60 კგ
1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
2 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)
3 რიო კავაბატა (იაპონია)
3 ტორუ შიშიმე (იაპონია)
66 კგ
1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)
2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)
3 შო ტატეიამა (იაპონია)
ქალები
48 კგ
1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)
2 ბო კიეონგ იონგი (სამხრეთ კორეა)
3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (მონღოლეთი)
3 შუგენ ვუ (ჩინეთი)
52 კგ
1 ინგნან მა (ჩინეთი)
2 მარენ კრაე (გერმანია)
3 ცოლმონ ადიიასამბუ (მონღოლეთი)
3 ბუნდმას მუნხბაატარი (მონღოლეთი)
57 კგ
1 კატერინ ბოჩემინ-პინარდი (კანადა)
2 მაკიკო ოტომო (იაპონია)
3 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 ტინა ზელტნერი (ავსტრია)
5 ივლისი
კაცები
73 კგ
1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 კუკ ჰიონ ჰონგი (ჩრდილოეთ კორეა)
3 ტაკენორი ნაკამურა (იაპონია)
81 კგ
1 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ლუკაშ ბლახი (პოლონეთი)
3 ამირ გასემი ნეჯადი (ირანი)
ქალები
63 კგ
1 იუნხია იანგი (ჩინეთი)
2 და-ვოონ იუნგი (სამხრეთ კორეა)
3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
3 მარიან ურდაბაიევა (ყაზახეთი)
70 კგ
1 ნარანიარგალ ცენდ აიუში (მონღოლეთი)
2 იე-სულ ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ესტერ სტამი (საქართველო)
3 მარია პორტელა (ბრაზილია)