საქართველოს თასის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩებიდან, პირველი შეხვედრა ხუთშაბათს შედგა.“ჭიათურას” სტადიონზე მიმდინარე მცირედი სამუშაოების გამო, „ჭიათურასა“ და „სპარტაკს“ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საპასუხო მატჩი მცხეთაში, „მცხეთა პარკზე“ გაიმართა. პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც „სპარტაკმა“ იმარჯვა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი მერვედფინალისტი გახდა. ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ „სპარტაკის“ მეკარე სოსლან ნანიევს, რომელმაც მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ნოვოროსიისკის „ჩერნომორეცში“ იასპარეზა, ცხინვალელთა მთავარ გუნდში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. მართალია, მისმა გუნდმა 2 გოლი მიიღო, მაგრამ აქედან ერთი, ავტოგოლი გახლდათ, მეორეში კი, მეკარის დადანაშაულება გამართლებული არ იქნებოდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, სოსლან ნანიევს კარგი და თანაც წარმატებული დებიუტი ჰქონდა.
ცხინვალელები თავდაპირველად აგებდნენ, ჭიათურელთა მორიგი შეტევისას, გიორგი ცერცვაძეს ბურთი ფეხზე აეჭრა, საკუთარ კარში ჩაჭრა და იმერლები დაწინაურდნენ. მართალია, სპარტაკელებმა შესვენებამდე ანგარიში ვერ გაქვითეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა წონასწორობა აღადგინა, კიდევ 10 წუთში, თამაზ მაქაცარიამ ცხინვალელები წინ გაიყვანა. თუმცა, მერე იმერლები გახელდნენ და მე-80 წუთზე ალექსანდრე ბაბლიძემ წონასწორობა აღადგინა - 2:2. სპარტაკელებმა ამას სამიოდე წუთში უპასუხეს - ვახტანგ ფანცხავამ გამარჯვების გოლი გაიტანა, „სპარტაკმა“ შინ 4:1 მოგების შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში 3:2 იმარჯვა და 1/8 ფინალში გავიდა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება. ამავე დღეს, „სპარტაკი“ თბილისის „დინამოსთან“ მე–3 ტურის გასვლით, გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებს.
ჭიათურა – სპარტაკი (ცხინვალი) 2:3 (1:0)
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16. ფინალი. საპასუხო მატჩი.
5 სექტემბერი. მცხეთა. „მცხეთა პარკი“. 100 მაყურებელი.
ჭიათურა: ბადურაშვილი, გაფრინდაშვილი, შეყილაძე, ტყებუჩავა, მეცხოვრიშვილი, სევასტოპულო, გ. ქირია, კუჭაშვილი, გ. ბარბაქაძე, ბ. ბარბაქაძე (სამყურაშვილი 60), ციცხვაია (ა. ბაბლიძე 66).
მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი
სპარტაკი: ნანიევი, მგელაძე, ქურდაძე, კილასონია (კემუხტაშვილი 68), მეგრელიშვილი (კაკაშვილი 62), ცერცხვაძე, კ. ხიზანეიშვილი, თექთურმანიძე, ნარიმანიძე, ფანცხავა, მეტრეველი (მაქაცარია 58).
მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
გოლები: 1:0 ცერცვაძე (16 საკ. კარში), 1:1 მეტრეველი (55), 1:2 მაქაცარია (65), 2:2 ბაბლიძე (80), 2:3 ფანცხავა (83)
გაფრთხილება: ტყებუჩავა (40), სამყურაშვილი (76)
მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)
სკ “სპარტაკის” პრესსამსახურის ფოტოები