აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანი, საქართველოს დედაქალაქში გუშინ ჩამოვიდა, შემდეგ, ჩვენი ამიერკავკასიელი მეზობლები წყალტუბოში დაბინავდნენ, ხოლო საღამოს, 20:30 წუთზე, ზესტაფონის “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა ბაქოს “ნეფთჩის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა თარლან ახმედოვმა, რომელიც მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გუნდის ლიდერთან, მაკედონიელ იგორ მიტრესკისთან ერთად მოვიდა.
თარლან ახმედოვი: “გამარჯვება, რომელიც ბაქოში მოვიპოვეთ, გასვლის გარანტიას არ იძლევა. საქართველოში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვედით. ვეცდებით, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. საერთოდ კი, ვფიქრობ, სანახაობრივი თამაში გველის. საღად ვაფასებთ მეტოქეს და ვიცით, რომ შეიძლება, წამიერმა მოდუნებამ სავალალო შედეგები მოგვიტანოს”.
- როგორია, “ნეფთჩის” მთავარი მწვრთნელის, ბუიკაღა გაჯიევის მდგომარეობა?
- რა უნდა ვთქვა, გაჯიევი მკურნალობას საჭიროებს. კურსს მოსკოვში გაივლის და ალბათ, 15 დღეში შემოგვიერთდება. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო, ამ თამაშს ვერ ესწრება.
-რამდენად აისახება “ნეფთჩის” თამაშზე მთავარი მწვრთნელის არყოფნა?
- გაჯიევი არც წინა მატჩში ყოფილა და ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. ახლაც ვეცდებით ჩვენს მთავარ მწვრთნელს, შემდეგ ეტაპზე გასვლით, საჩუქარი გავუკეთოთ.
- პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია უზბეკეთის ნაკრების წევრ ნასიმოვს, მიიღებს იგი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას?
- არა, ნასიმოვი ჯერჯერობით რეაბილიტაციის კურსს გადის და ალბათ, ერთ თვეში შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.
- ეთანხმებით, თუ არა მოსაზრებას, “ნეფთჩიმ” კი არ მოიგო, არამედ “ზესტაფონმა” წააგო”?
- ჩვენთვის მთავარია რეზულტატი და არა ვინ კარგად ითამაშა, ან ცუდად. თუ მოვახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას, ე.ი კარგად გვითამაშია.
- რა არის “ნეფთჩის” პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი წლევანდელ ევროპულ გათამაშებაში?
მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში იქნება, ხოლო მინიმუმი სასურველია, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი იყოს.
- სიერა-ლეონელი ვობაი აშკარად საუკეთესო იყო პირველ მატჩში. ამ ფეხბურთელს კიდევ შეუძლია მომატება?
- წლეულს 5-6 ლეგიონერი დავიმატეთ, რომლებიც ახლა კლუბში ადაპტაციას გადიან. რა თქმა უნდა, ველოდებით ყველამ მოუმატოს, მათ შორის, ვობაიმაც.
- წილისყრის შემდეგ, თქვენს წყვილში გამარჯვებული “ჟილინა”-“ჰაპოელს” შორის გასულს შეხვდება. რამდენად მისაღებია თქვენი გუნდისთვის ეს წილისყრა?
- მხოლოდ “ზესტაფონზე” ვფიქრობთ. რაც შეეხება წილსყრას, თამაში ყველა გუნდთან შეიძლება. მთავარია, შინაგანად მზად შეხვდე საპასუხისმგებლო პაექრობებს.
- თქვენეული შეფასება გვაინტერესებს: “ზესტაფონი” და “ნეფთჩი” თანაბარი კლასის გუნდებია?
- ვიტყვი იმას, რომ ისინი, ამიერკავკასიის საუკეთესო კლუბები არიან. მართალია, პირველ მატჩში ვიმარჯვეთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს არაფერს ნიშნავს _ მთავარი ბრძოლა წინ გველის.
- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ის კამპანია, რომელიც სუფევდა პირველი მატჩის წინ აზერბაიჯანულ საფეხბურთო წრეებში “ზესტაფონის” მიმართ _ დამოკიდებულება აშკარად ირონიული იყო...
ამის შესახებ პირველად მესმის. ჩვენ მეტოქეს ვაფასებთ. ვნახეთ “ზესტაფონის” თამაში ცოცხლად ბუქარესტის “სტიაუასთან”, ამასთანავე, ვიხილეთ ჩანაწერი ბელგიურ “ბრიუგესთან”. ჩვენი მხრიდან, უპატივცემულობა არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შესახებ არაფერი მსმენია.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანელები მოედანზე გავიდნენ და მოთელვა დაიწყეს. მათ სტადიონზე შეკრებილებს 15 წუთი მისცეს ვადა, შემდეგ კი, ვარჯიში დახურული გახდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი 24 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან