დავით თარგამაძემ მიმდინარე წელს მარიუპოლის “ილიჩივეცის” შემადგელობაში პირველი გოლი გაიტანა.
24 წლის ქართველმა განაპირა ნახევარმცველმა თავი უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-20 ტურში პოლტავის “ვორსკლასთან” 1:2 წაგებულ საშინაო მატჩში გამოიჩინა.
71-ე წუთზე, როდესაც მარიუპოლელები 0:1 აგებდნენ, თარგამაძემ ანგარიში პენალტიდან გაათანაბრა. სხვათა შორის, მას მსაჯმა პირველი დარტყმის მერე გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა და თერთმეტმეტრიანი ხელმეორედ შეასრულებინა. 30-ე წუთზე თარგამაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. “ილიჩივეცმა” ქულაც ვერ გადაარჩინა, რადგან 82-ე წუთზე თავის კარში მეორე გოლი მიიღო. “ვორსკლადან” დუბლი იახოვიჩმა შეასრულა.
“ილიჩივეცს” 30 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილი უკავია.