საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ესტონეთთან 3 მარტის ევრო-2011-ის შესარჩევი ციკლის მატჩში, კვლავ არ ეყოლება გერმანული “ფრაიბურგის” გარემარბი დავით თარგამაძე. გარდა ამისა, 21-წლამდელებს იტალიური “ემპოლის” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი ირაკლი შეყილაძეც დააკლდებათ. მათ ნაცვლად კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ, რუსთავის “ოლიმპის” თავდამსხმელი გიორგი ჭედია გამოიძახა.
“მსოფლიო სპორტი” ოთარ გაბელიას ამ ცვლილებების მიზეზებზე ესაუბრა:
- რა ხდება თარგამაძის გარშემო?
- განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, “ფრაიბურგში” თამაში საერთოდ არ უწევს და კლუბთან ისეთი კონტრაქტი აქვს, რომ მეორე გუნდში გამოსვლის უფლებაც არა აქვს. მხოლოდ ვარჯიშობს.
- კი, მაგრამ გამოძახებული გყავდათ და მაშინაც იცოდით, რომ “ფრაიბურგში” თამაში არ უწევდა.
- ასეა, მაგრამ მირჩევნია, რომ ოფიციალურ მატჩებში იმ ფეხბურთელებს დავეყრდნო, რომლებსაც თამაშის პრაქტიკა აქვთ. ძალიან მინდა თარგამაძის საქმეში ნახვა და თუ ამხანაგური მატჩი მოგვიწევს, გამოვცდით.
- სხვა რა ცვლილებებია შემადგენლობაში?
- ირაკლი შეყილაძე ვერ ჩამოვა. ველაპარაკე და ასე მითხრა, “ემპოლიში” რაღაც პრობლემები მაქვსო. ამ ორი ფეხბურთელის ნაცვლად კი, “ოლიმპის” ფორვარდი ჭედია გამოვიძახე. და კიდევ: ეროვნულ ნაკრებს, შეასძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდეს – ზოგს სავიზო პრობლემები აქვსო, გავიგე. ამიტომ, შესაძლოა, ორი ფეხბურთელი მათ დავამატოთ. 18 კაცზე მეტი ხომ, განაცხადში არც გვჭირდება.
- რომელი ფეხბურთელები დაემატებიან თემურ ქეცბაიას გუნდს?
- ჯერ არ ვიცი. ქეცბაიასთან შევთანხმდებით.
- კიდევ ხომ არ იქნება რამე დანაკლისი? ლეგიონერებიდან ყველა ჩამოვა ნაკრებში?
- ჯერჯერობით, ვერჩამოსვლაზე სხვა არავის დაუჩივლია.
- ამერიკული “ნიუ ორკ რედ ბულზის” ფორვარდ გიორგი ჩირგაძეზე რას იტყვით? უპრიანი არ იქნებოდა, გამოგეძახათ?
- ჩირგაძეს რამდენჯერმე ვთხოვეთ, თავისი თამაშების ვიდეოკასეტა გამოეგზავნა, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ.
- გავრცელდა ხმები, ჩირგაძეს აშშ-ის ნაკრებში თამაში სურსო.
- ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ცუდია, რომ კასეტას არ აგზავნის. ვერაფერი გავიგე - რა უნდა მის გამოგზავნას?...
- და უნგრეთის “დიორის” ფორვარდ თემურ შარაშენიძეზეც გკითხავთ. მას უნგრეთში ძალიან აქებენ.
- ამ ეტაპზე, “დიორიდან” სამი ფეხბურთელი მყავს გამოძახებული. ისე კი, შანსი ყველა ღირსეულს მიეცემა.
- ნაკრები 27 თებერვალს შეიკრიბება, თუ ამ მხრივაც შეიცვალა რაიმე?
- არა, 27-ში შევიკრიბებით და სავარაუდოდ, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის მინდორზე ვივარჯიშებთ.
ილია ნანობაშვილი