“სამი დღის წინ მითხრეს, რომ “შახტართან” ერთად წავიდოდი შეკრებაზე. მერე კი გადაწყვეტდნენ, გამანათხოვრებდნენ, თუ ახლავე დამიტოვებდნენ გუნდში. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი. მეგონა, “შახტარს” ზაფხულში შევუერთდებოდი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ”, – განაცხადა დავით თარგამაძემ “შახტარის” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
“მსოფლიო სპორტმა” უკვე გაცნობათ, რომ თარგამაძემ “შახტარში” ივარჯიშა და გუნდს ესპანურ შეკრებაზე მიჰყვება. შეხსენება რად გინდათ, 22 წლის ქართველი გარემარბი დონეცკელებმა დეკემბერში შეიძინეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ სეზონის ბოლომდე “ილიჩივეცში” გაენათხოვრებინათ.
და რატომ შეიცვალა სიტუაცია? აქ გასათვალისწინებელია, რომ “შახტარიდან” წავიდა ბრაზილიელი ჟადსონი, რომელიც გამთამაშებელია, თუმცა ფაქტია, ნახევარდაცვაში ადგილი გათავისუფლდა. პლუს, დიდი შანსია, დონეცკელებმა ვილიანი ლონდონის “ჩელსიში” გაყიდონ – ვილიანი დაახლოებით თარგამაძის პოზიციაზე თამაშობს.
დავითს “შახტარში” 99-ნომრიანი მაისურა გადასცეს. აღსანიშნავია, რომ დონეცკელებმა ბრაზილიელი ილსინიოც დაიმატეს (უფრო სწორად, დაიბრუნეს). ქართველი და ბრაზილიელი ხუთშაბათს დილით შეუერთდნენ ლუჩესკუს გუნდს.
- მწვრთნელს უკვე ესაუბრეთ?
- სულ ახლახანს მოვედი, ნახევარი საათის წინ.
- როგორ დაგხვდნენ?
- კარგად. ყველაფერი ნორმალურადაა, ახლა სირბილი გვეწყება.
- როდის გაირკვევა თქვენი მომავალი “შახტარში”?
- შეკრების შემდეგ. ესპანეთში გუნდთან ერთად ვიქნები და მიიღებენ გადაწყვეტილებას – ან ახლავე დავრჩები “შახტარში”, ან “ილიჩივეცში” გამანათხოვრებენ ზაფხულამდე. ვნახოთ.
- “ილიჩივეცში” თითქმის ყველას გაიცნობდით, “შახტარის” ფეხბურთელებს კი ახლა ეცნობით. როგორ შეგხვდნენ ფეხბურთელები?
- მთლიანობაში, ნორმალურად. “შახტარიდან” განსაკუთრებულად ჯერ ვერავის გავიცნობდი. უბრალოდ, ვერ მოვასწრებდი. საამისოდ დიდი დრო მაქვს.
- მარიუპოლში, ალბათ, ყველაზე ხშირად თორნიკე ოქრიაშვილთან გქონდათ ურთიერთობა.
- დიახ. მას ხომ “ილიჩივეცში” მისვლამდე ვიცნობდი. თუმცა, დონეცკშიც არ მექნება გაცნობის პრობლემა. დღეს ვარჯიშია, ხვალაც... ჯერჯერობით, ბაზაზე ვრჩები, ზეგ კი ესპანეთში მივფრინავთ და იქ ყველას კარგად გავიცნობ.
აქვე, ლუჩესკუს თანაშემწე ალექსანდრ სპირიდონიც საუბრობს თარგამაძის საკითხზე:
- გვითხარით, რასთანაა დაკავშირებული თარგამაძის “შახტარში” ვარჯიში?
- ფეხბურთელი ესპანეთში ჩვენთან ერთად წამოვა. მისტერს (ლუჩესკუ – ავტ.) სურს, რომ თარგამაძე ახლავე გაიცნოს, უკეთ შეიტყოს მისი კონდიციები. შესაძლოა, დავითი ესპანური შეკრების შემდეგაც ჩვენთან დარჩეს.
ილია ნანობაშვილი