საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში (რომელიც 2013 წლის 11 დეკემბერსაა დანიშნული) პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი, ვეტერანი კალათბურთელები მიხეილ ახველდიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე და კახაბერ შენგელია იყრიან კენჭს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2013 წლის 15 ნოემბრის სხდომის დადგენილებიდან გამომდინარე, არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატები 40 ხმას გაინაწილებენ. გამარჯვებულად ის გამოცხადდება, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის განვითარების ცენტრია, რომელსაც აღნიშნულ არჩევნებში ერთი ხმის მიცემის უფლება აქვს, “მსოფლიო სპორტი” აღნიშნული ცენტრის პრეზიდენტ თამაზ ხაჩიურს ესაუბრა.
- 11 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებში შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის განვითარების ცენტრის გარდა ერთი ხმა გორის სასპორტო სკოლას აქვს. ამიტომ, შიდა ქართლი 11 დეკემბრის არჩევნებში ორი ხმითაა წარმოდგენილი. აღნიშნულ არჩევნებში შიდა ქართლს ორი ხმა თუ აკმაყოფილებს?
- ჩვენს აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და მის დაფიქსირებას რა მნიშვნელობა აქვს.
- რა იცით, რომ არავინ გაითვალისწინებს. მახსოვს, თქვენ “კალათბურთელთა კავშირის” მიერ მოწყობილ ერთ-ერთ შეკრებაზე იმყოფებოდით...
- მართალი ბრძანდებით, ერთხელ ვიყავი, მაგრამ მის შემდეგ აღარავის გავხსენებივართ.
- “კალათბურთელთა კავშირის” მიერ მოწყობილ შეკრებაზე აღნიშნეთ, რომ სუპერლიგის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ასაკობრივ ჯგუფში გუნდის გამოყვანის თაობაზე პრობლემას გიქმნიდა...
- ეს პრობლემა მოგვარდა და ჩემპიონატში ვმონაწილეობთ.
- პრეზიდენტობის კანდიდატები თუ იყვნენ შიდა ქართლში?
- ჯერ არავინ ყოფილა და არც მათ პროგრამას ვიცნობთ.
- მაშინ ხმას ვის აძლევთ?
- არ ვიცით. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჯერ სამუშაო პროგრამა წარმოგვიდგინონ და ხმის მიცემაზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.